LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი: ახალგორიდან გადმოყვანილი პაციენტი გზაში გარდაიცვალა

133
C0A9FFB5-7A1B-47E3-B5E8-CFFA32F72788-w1023-r1-s

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი. დღეს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის უფლებას, გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვის განმავლობაში მძიმე იყო, თუმცა ოჯახის წევრებს მისი გადმოყვანის უფლებას დე ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა. რამდენიმე დღის წინ, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, იგი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მილაძეს გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ დღეს მოხერხდა, მაგრამ ის სასწრაფო დახმარების მანქანაში, სოფელ კარალეთთან გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც. მისი განცხადებით, ჯუმბერ მილაძე საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლია. თინიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიდი ძალისმხმევის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ჯუმბერ მილაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, თუმცა გზაში მისი მდგომარეობა დამძიმა და გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

“ჯუმბერ მილაძეა. წითელ ჯვარს გადმოჰყავდა. გზაში გარდაიცვალა, სოფელ კარალეთთან” – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ამ დროისათვის გარდაცვლილი ქართველის ცხედარი გორის პროზექტურაშია გადაყვანილი.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ახალგორელებისთვს შექმნილი პრობლემა არის კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მოქმედებებს, რასაც საოკუპაცი რეჟიმი ახორციელებს. მისივე ინფორმაციიტ, პაციენტს ინსულტი ჰქონდა, რაც სასწრაფო შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. ციხელასვილის თქმით, მამაკაცის გადმოყვანა დაგვიანდა.

„ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იქნა გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“ – აცხადებს მინისტრი.