LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ახალაშენებული კორპუსები ხანძრისას განწირულია?!

829
55692790_2011938532443702_2843644589087129600_o

საქართველოს მთავრობის #41-ე დადგენილება, რომელიც შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებს არეგულირებს, 2 წელია მოქმედებს, მანამდე კი ეს დარგი მეტნაკლებად რეგულირების მიღმა იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის 1 იანვრამდე შეთანხმებულ და დაწყებულ მშენებლობებზე სახანძრო უსაფრთხოება ან ნაწილობრივ (კომპანიის ნებით) ან საერთოდ არაა დაცული. ყოველ შემთხვევაში, ეს კანონით არ კონტროლდებოდა.

არქიტექტორი სანდრო კორკოტაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ძველი კორპუსები და ასევე 2017 წლამდე შეთანხმებული პროექტით აშენებული ახალი კორპუსებიც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით განწირულია.

 

 

მისივე თქმით, მათ არ აქვთ და ვერც ექნებათ ეს ნორმა გათვალისწინებული, იმიტომ რომ არ იყო მოთხოვნა და შესაბამისად, არ იყო აუცილებელი სახანძრო აღმომჩენების, ავტოსაშხეპი სისტემების, წყლის ავზისა და ხანძრის მართვის ცენტრის, ასევე ორი ჩასასვლელი კიბის დატანა პროექტზე.

„სახანძრო უსაფრთხოება ცოტა ხანია რაც შემოვიდა. შესაბამისად, ძველადაშენებულ კორპუსებში ეს არ იქნება გათვალისწინებული. პროექტი თუ შეთანხმებულია, დაუშვათ 2014 წელს და მშენებლობა მიდის, ეს აღარ გამოსწორდება. შეთანხმებულ პროექტზე ეს არ ვრცელდება. გარდა ამისა, სახანძრო უსაფრთხოებას ფიზიკურად ვერ გაითვალისწინებ ძველ  კორპუსებში. გარდა ამისა, სახანძრო უსაფრთხოება მხოლოდ ცეცხლმედეგი კედლები არ არის. თუ 37 მეტრზე მაღალია შენობა, ასეთ შემთხვევაში გჭირდება ორი ლიფტი. შენობას კი სახანძრო უსაფრთხოებისთვის ორი კიბის უჯრედი სჭირდება. ადრე არ ითხოვნდენ, ძველი აშენებული კორპუსები ამ კონტექსტით განწირულია. ორი კიბე იმიტომ კეთდება, რომ როდესაც ადამიანი გამოდის ხანძრისას, ასარჩევად უნდა ქონდეს რომელი კიბით ჩავა. ძველ აშენებულ კოპრუსებში ერთი კიბეა და შესაბამისად, ასარჩევიც არაფერია და იქაც თუ ხანძარი გაჩნდა, ვერ ჩავა ვერანაირად,“ – აღნიშნა სანდრო კორკოტაშვილმა.

 

პროექტი, რომელიც მთავრობის დადგენილების ამოქმედებამდეა მიღებული და აქვს ერთი კიბის უჯრედი

 

პროექტი, რომელიც მთავრობის დადგენილების შემდეგაა მიღებული და აქვს ორი კიბის უჯრედი.

 

დათქმა #1

თბილისის მასშტაბით, მრავალადაა ახალაშენებული კორპუსები, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, თუ რა უსაფრთხოების ზომებია დარღვეული და რა დაცული. მართალია, თავად მშენებლობისა და კედლების ხარისხს, რიგითი ადამიანები ვერ შეამოწმებენ, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი, მცირე დაშორებით აშენებული ორი კორპუსის შემთხვევაში აუცილებელია (კედელი, რომელსაც არ აქვს ფანჯრის ღიობი და ესაზღვრება სხვა კორპუსს, რომელსაც ასევე არ აქვს ფანჯრის ღიობი მომიჯნავე მხარეს) ორივე კედელი იყოს 2-საათიანი ცეცხლმედეგობის.

 

დათქმა #2

თუ კორპუსს ყველა მხარეს აქვს ფანჯრის ღიობი, კორპუსებს შორის დაშორება ასეთ შემთხვევაში ჯამში 20 მეტრი უნდა იყოს. ერთი კორპუსიდან მომიჯნავე მხარეს 10 მეტრი და ასევე, მეორე კორპუსიდანაც მომიჯნავე მხარეს 10 მეტრი.  თუ არ აკეთებ ფანჯრის ღიობს, შეიძლება ეს არ დაიცვა, მაგრამ ამ შემთხვევაში კედელი უნდა იყოს ცეცხლმედეგი (ცეცხლგამძლე).

როგორც არქიტექტორი ამბობს, მას პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევა, როცა მერიასთან შეთანხმებული პროექტი საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუწუნებია სხვა მიდგომების გამო. მისი თქმით, მერია და საგანგებო სიტუაციების სამსახური სხვადასხვა სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რის გამოს, არქიტექტორი და საბოლოოდ, კომპანია ზარალდება.

 

„კარგად არ არიან ჩამოყალიბებულები და ხანდახან მოდის ხოლმე  ეს დადგენილებები წინააღდმეგობაში და იჭყლიტება არქიტექტორი. რეალურად მერია ხელმძღვანელობს ამერიკული სტანდარტებით და საგანგებო სიტუაციების სამსახურს აქვს ძველი სტანდარტები. ვფიქრობ, რომ ეს ძველი სტანდარტები უფრო მეტადაა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული, მაგრამ ყველაფერი რომ გაითვალისწინო, მშენებლობა აღარ იქნება,“ – აღნიშნა სანდრო კორკოტაშვილმა.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში წლებია მიმდინარეობს კომპლექსის მშენებლობა. კორპუსების ნაწილი ნაწილობრივ დასრულებულია, თუმცა აქ არის ერთი საკითხი. კორპუსი არის შეჭრილი ქანობიან მიწაზე და მის ნაწილს ერთ მხარეს ქანობი ფარავს, რის გამოც, ხანძრისას, მანქანას გაუჭირდება სრულად მიუდგეს ყველა მხარეს, თუმცა, რადგან ეს მშენებლობა იმაზე ადრეა დაწყებული, ვიდრე სახანძრო უსაფრთხოების ნორმა ამოქმედდებოდა, ეს ნაწილი რეგულირების მიღმა რჩება.

რაც შეეხება 20 და მეტი წლის კორპუსებს და მათ გარშემო აშენებულ ავტოსადგომებს, ახალი კანონმდებლობა ამ შემთხვევაშიც უძლურია.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებზე ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც განსაზღვრავს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, იმის შესაფასებლად თუ რამდენად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები არქიტექტურული პროექტით, არქიტექტურის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად არქიტექტურულ პროექტს უგზავნის  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.№41 დადგენილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ კლასებს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობებზე ვრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესები და არქიტექტურული პროექტი მათ შესაბამისად უნდა დამუშავდეს,“ – აცხადებენ მერიის არქიტექტურის სამსახურში.

მათივე თქმით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

რაც შეეხება ძველ კორპუსებს და მის გარშემო აშენებულ ავტოსადგომებს, ამასაც კონკრეტული დადგენილება არეგულირებს.

 

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა: კერძოდ თუ ერთიანი პროექტის საფუძველზე დაგეგმილია არსებული დროებითი შენობა-ნაგებობების (გარაჟების) აღება-გადატანა მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის ან/და სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით და თუ გარაჟების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის (მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას. ამავე მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრულია დროებითი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის ვადა, რომელიც შეადგენს  მაქსიმუმ სამ წელს და რომლის ამოწურვის შემდეგაც დროებითი შენობა-ნაგებობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს,“ – უპასუხეს „ფორტუნას“ მერიაში.

magti 5g