LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძველი” მასწავლებლების სისტემიდან გასვლა აუცილებელია – მასწავლებლები მორიგ რეფორმაში

maswavlebeliaxali

განათლების სამინისტრო მასწავლებლებს მორიგ რეფორმაში ატარებს. კრედიტების დაგროვების სისტემა, რომელიც ახალი და ამ დრომდე აქტუალური თემა იყო, უქმდება.

ცვლილებები განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა. მისი განცხადებით, პედაგოგების აქცენტი ბიუროკრატიული მომსახურებიდან კლასებზე უნდა გადავიდეს, იმისთვის, რომ მეტი დრო ბავშვებსა და გაკვეთილებს დაეთმოს – ეს ასეც იყო, თუმცა კრედიტების სისტემა მასწავლებლების უნარების შემოწმებისა და სტატუსების მოსაპოვებლად შემოიღეს. ახლა მასწავლებლები ამ ყველაფერს გამოცდების მეშვეობით შეძლებენ.

როგორც განათლების სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ცვლილებები ძალაში ძალიან მალე შევა. ამ ეტაპზე მასწავლებლებს სიახლეების შესახებ პრეზენტაციებს უტარებენ და დეტალურად აცნობენ მათ გეგმას. გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ფორტუნასთან“ განმარტავენ, რომ პრეზენტაცია გამოცდებთან და კრედიტებთან დაკავშირებით, უფრო დეტალურად 1-ელ თებერვალს გაიმართება. სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი, რა ტიპის გამოცდებით შეძლებენ მასწავლებლები ახალი სტატუსების და გაზრდილი ხელფასების “მოპოვებას”.

გამოცდების ეროვნული სააგენტოს ცნობით, უკვე დაგროვებული კრედიტებით მასწავლებლებს ახალ საფეხურზე გადასვლა ახალი სისტემის ამოქმედებამდე შეეძლებათ.

განათლების მკვლევარი რეზო აფხაზავა იმედოვნებს, რომ ცვლილებები დროულად განხორციელდება და მასწავლებელთა კორპუსის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. რეზო აფხაზავას ახალი რეფორმა მოსწონს, თუმცა ელოდება გამოცდების შესახებ მეტ ინფორმაციას და ასევე, რა სისტემით ჩანაცვლდება კრედიტები.

„ეს კრედიტების დაგროვების სისტემა, ბიუროკრატიულ რუტინად გადაიქცა და რეალურად, რა გავლენას ახდენდა მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებაზე, ამის თქმა რთულია. ბევრი ამბობს, რომ მასწავლებლები უფრო მეტად გადაერთნენ ამ კრედიტების დაგროვებაზე, ვიდრე საგაკვეთილო პროცესზე.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს უკეთესობისკენ სიტუაციის გამოსწორებას. გარდა ამისა, სხვა ცვლილებებიცაა დაგეგმილი, იმისთვის, რომ მასწავლებელთა კორპუსი გაჯანსაღდეს და გაძლიერდეს – ახალი მასწავლებლების შესვლის სისტემა ვითარდება და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ უნიციფირებული მიდგომიდან, დიფერენცირებულ მიდგომაზე გადადიან და ის მცდარი თეორია, რომ ყველა სკოლა ცენტრალიზებურად, ერთი ინსტრუმენტით შესაძლოა იმართებოდეს, ამის უარყოფა და სხვა გზაზე გადასვლა არის კარგი.

როგორ მოხდება მასწავლებლების სტატუსების ცვლილება – რა მექანიზმი იქნება თუ არ იქნება კრედიტები. გამოცდა, რაც ითქვა, ჯერ არ გვეუბნება არაფერს, როგორი ტიპის იქნება და რანაირად ჩატარდება. პრეზენტაციაზე იყო მინიშნება, რომ ეს იქნება კომპლექსური. თუ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ დავადგინოთ, რომელი მასწავლებელი შეიძლება დაწინაურდეს და რომელი არა, კარგი იქნება,“ – განაცხადა მან.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ „ცუდ“ და „კარგ“ მასწავლებლებად დაყოფა არ იარსებებს და ხელფასი ფუნქციების მიხედვით  გადანაწილდება, რადგან ცუდი მასწავლებელი მისი თქმით, სკოლაში საერთოდ არ უნდა იყოს.

„ჩემი აზრით, ზოგადად უკეთეს და უარეს მასწავლებლად არ უნდა იყოს დაყოფა, არამედ უნდა იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ხარისხიანად ატარებენ გაკვეთილებს, თუნდაც სხვადასხვა მეთოდებით და უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გაკვეთილების ჩატარების გარდა, სხვა ფუნქციებსაც ასრულებენ, იმისთვის, რომ სწავლება უკეთესი იყოს – კათედრებზე მუშაობენ, დამხმარე საშუალებებს ქმნიან, კოლეგებს ეხმარებიან, კლუბებს აყალიბებენ და ა.შ. ამით ამ ადამიანებს შეიძლება დავარქვათ წამყვანი მასწავლებელი და არა ის, რომ ერთი კარგად ატარებს გაკვეთილს და მეორე ცუდად და მას უფრო ნაკლები ხელფასი მივცეთ. ზოგადად, მასწავლებელი გაკვეთილს კარგად უნდა ატარებდეს, თუ ცუდად ატარებს, ის მასწავლებელი არ არის. ამ მიმართულებით იყო ნათქვამი, რომ ხელშეკრულებები გაფორმდება, ფუნქციები გაიწერება და ა.შ.“ – განაცხადა აფხაზავამ.

რეზო აფხაზავას შეფასებით, ამ ცვლილებებთან ერთად, აუცილებელია სკოლაში ახალი მასწავლებლების მიღება, რისთვისაც ძველების სისტემიდან გასვლა აუცილებელია. მისი ინფორმაციით, სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მუშაობს.

„ვიცი ზუსტად, რომ იქმნება გარკვეული სისტემა, რომელიც დამსახურებულ მასწავლებლებს შესაბამისი მხარდაჭერით გაუშვებენ სისტემიდან (ასაკოვან მასწავლებლებს) ისინი შეიძლება ძალიან კარგ გაკვეთილებსაც ატარებდნენ, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ახალი კადრები უნდა შემოვიდნენ. ახლა ვინც ასაკოვანი მასწავლებელია, ძალიან ახალგაზრდებმა დაიწყეს მუშაობა და მაშინ ხომ კარგი იყო? დღესაც დგანან ადამიანები რიგში, რომლებსაც უნდათ სკოლაში შესვლა.

ზოგადად, თუ სკოლაში ვაკანტური არ გახდა ადგილები, შემცვლელებიც არ იარსებებენ.

2019 წელი არ არის საარჩევნო და იმედია, ეს რეფორმა რამენაირად გატარდება. იმიტომ, რომ მომავალ წელს გართულდება ამბავი. როგორც წესი, ელექტორალური დივიდენდების მიზნით, საარჩევნო წლებში მასწავლებლებს გარანტიებს სთავაზობენ.

ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ თუ მასწავლებელი მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს, ბავშვების ხარჯზე, ის არ უნდა „შევინახოთ“…“ – აცხადებს რეზო აფხაზავა.

მასწავლებლების დიდი ნაწილი განათლების სამინისტროს ცვლილებებს ეთანხმება. როგორც „ფორტუნასთან“ 214-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო კვინტრაძე ამბობს, ამ ცვლილებით მას შესაძლებლობა აქვს, კიდევ ერთი სტატუსი მოკლე დროში, მხოლოდ გამოცდის საფუძველზე მიიღოს.

„კრედიტები ძალიან დიდ დროს გვახარჯინებდა, თუმცა იმ მასწავლებლებს, რომლებსაც უჭირდათ გამოცდის ჩაბარება, კრედიტები უფრო აწყობთ. მე ერთი საფეხური უკვე გავიარე, ახლა შემდეგისთვის თავიდან მომიწევდა კრედიტების მოგროვება, რაც უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს, თან მგონია, რომ არაფრის მომცემია,“ – აცხადებს ნინო კვინტრაძე.

რაც შეეხება მასწავლებლების სისტემიდან გაშვების სქემას, ნინო კვინტრაძე ამბობს, რომ ყველაზე ერთნაირი მიდგომა სწორი არ იქნება.

„ზოგიერთი ასაკიანია, თუმცა ბევრ ახალგაზრდას ჯობს. ზოგი, ასაკის გამო ვეღარ ახერხებს ისეთ მუშაობას, როგორიც საჭიროა, თუმცა, მხოლოდ ამ კრიტერიუმით მასწავლებლის სკოლიდან გაშვებას არ ვეთანხმები“ – აცხადებს ის „ფორტუნასთან“.

რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი, სკოლების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. სამინისტროს მიდგომების პრეზენტაცია ამ საკითხზე 25 იანვარს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g