LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძვირი ზაფხულის მოლოდინში: ექსპერტები ფასების მატებას და 8%-იან ინფლაციას ელოდებიან

ინფლაციის მხრივ 6-წლიანი რეკორდი დამყარდა. მაისში, 2011 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა – 6.6%.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება და შესაძლოა, 8%-ს  გადააჭარბოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასები გაძვირდება  პირველადი მოხმარების  საგნებზე, ანუ კვების  პროდუქტებსა და წამლებზე. ანუ, თუკი ოჯახი კვირაში ერთხელ მაინც ახერხებდა ხილის ყიდვას, შესაძლოა, ეს ვეღარც კი მოახერხოს.

ცხადია, ეს  არ ეხება მდიდარ ოჯახებს, რომელთა რაოდენობა  საქართველოში ძალიან მცირეა. საშუალო  ფენას, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობს და დაბალ ფენას სულ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფლაციის სადავეების ხელიდან გაშვების მთავარი მიზეზი თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებზე აქციზის ზრდა და სხვა ფაქტორები გახდა.

გასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის, განცხადებით, ამ ფაქტორების გარდა, ინფლაციაზე ბიუჯეტის დეფიციტიც მოქმედებს, რომელიც ტრადიციულად „მაღალ დონეზეა“.

„ინფლაცია გამოწვეულია ძირითადად ორი მიზეზით: მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, ხოლო მეორე მიზეზი აქციზურ საქონელზე ფასების ზრდაა. ასევე ერთ–ერთი მიზეზი ბიუჯეტის  დეფიციტია, რომელიც ტრადიციულად, მაღალ დონეზეა,“  – განაცხადა  გოცირიძემ  „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ზაფხულში ინფლაციის ეს ზღვარი კიდევ უფრო მეტად აიწევს და 8%-ს მიუახლოვდება.

„ეს მაჩვენებელი, რაც ახლაა დაფიქსირებული, არ არის ინფლაციის მატების ზედა ზღვარი. იგი უფრო გაიზრდება ზაფხულის თვეებში. ამას განაპირობებს აგრეთვე წინა წლის საბაზო მდგომარეობა. შარშან ამ დროს უფრო ნაკლები იყო ინფლაცია… ვფიქრობ იგი წელს,  8%–ს მიუახლოვდება,“  – აღნიშნა გოცირიძემ.

„ის ფაქტი, რომ ახლა, ინფლაცია 6.6%–ია, უკვე მნიშვნელოვანი გადაჭარბებაა თარგეტირებული ინფლაციური მაჩვენებლისა, რომელიც მხოლოდ 4%-ია. ასე რომ, ეს მაჩვენებელი 6.6% იქნება თუ 7.6, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“  – ამის შესახებ „ფორტუნასთან“ ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ, განაცხადა.

არის მეორე მომენტიც: უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, მოიმატებს თუ არა გაზის ტარიფი. არჩვაძის განცხადებით, თუ გაზის ტარიფი გაიზარდა, მომდევნო თვის ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება იმის მიუხედავად, რომ, ზოგადად, ზაფხული დეფლაციური პერიოდია.

 „ჩვენი სამომხმარებლო და ეკონომიკური სტრუქტურის გათვალისწინებით, ზაფხულის თვეები უფრო დეფლაცირებულია, ვიდრე ინფლაციური. რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 ქარხნებში პურის თვითღირებულებაში, გაზს, დაახლოებით, 15-დან 20%-მდე უკავია. შესაბამისად, თუ ტარიფი მოიმატებს ეს ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს ინფლაციაზე,“  – აღნიშნა მან.

კითხვაზე, იქნება თუ არა ეს დიდი დარტყმა ქართული ეკონომიკისთვის და მომხმარებლისთვის, სოსო არჩვაძემ ნახევრად ხუმრობით გვიპასუხა:

„ბოლო 25 წლის განმავლობაში მოსახლეობამ და ეკონომიკამ იმდენი დარტყმა მიიღო, რომ ნებისმიერი ფასის გაზრდას ის განიხილავს, როგორც „სპარინგ პარტნიორს“  გამძლეობის გამოსაცდელად. ასე რომ, ვერაფერი გაგვაკვირვებს,“  – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

მოკლედ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „რაც არ გვკლავს, ქართველებს ნამდვილად გვაძლიერებს“.

ფორტუნა უკვე გაძლიერებულ დიასახლისებსაც გაესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება.

როგორც ერთ-ერთმა დიასახლისმა, ნანა გოგოლაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, ფასების ზრდა მისთვის განსაკუთრებით შესამჩნევია ე.წ. ქიმიურ პროდუქციაზე. თუმცა, ბოლო თვეში მას პროდუქტებზე განსაკუთრებული ფასმატება არ შეუმჩნევია.

„ყველაზე მეტად ქიმიურ ნაწარმზე გაიზარდა ფასები: ჭურჭლის სარეცხ საშუალებებზე, ასევე გაიზარდა ბურღულეულის და ხორცის ფასი. მნიშვნელოვნად შეიცვალა ხილისა და ბოსტნეულის ფასები. ბოლო თვეში მართალია, დიდი ზრდა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს ფასები დაახლოებით 1-2 წლის წინ გაიზარდა და სულ იზრდება,“ – განაცხადა ნანა ბეგლარიშვილმა.

იგივე აზრზე არიან სხვა დიასახლისებიც, რომლებსაც „ფორტუნა“ გაესაუბრა.

იმას, რომ სურსათზე ფასები არ გაზრდილა (ჯერჯერობით) საქსტატის ბოლო მონაცემებიც ადასტურებს.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები, „საქსტატის“ მონაცემებით, 0,4 პროცენტით შემცირდა, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4,9 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (-0,7 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-0,4პროცენტი). თუმცა ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,4 პროცენტი), აგრეთვე ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,3 პროცენტი) – რაც სეზონურობიდან გამომდინარეობს.

თუმცა, თუ ექსპერტების პროგნოზები გამართლდა. აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება და თან ისე, რომ ინფლაციის მაჩვენებელი  პირდაპირ მომხმარებელზე აისახება.

ასე რომ, მრავალგზის გამოცდილ ქართველ დიასახლისებს  კიდევ ერთ დარტყმასთან მოუწევთ გამკლავება.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები