ბარიატრიული ოპერაციის („კუჭის დაპატარავება“) გაკეთების პირობები მკაცრდება. მოხდა ბარიატრიული ქირურგიის რეგულირების მექანიზმის სრულყოფა, რის შედეგადაც მთელი რიგი სტანდარტები განისაზღვრა, მათ შორის პაციენტს შესაბამისი წონის ინდექსის გარდა, უნდა ჰქონდეს თანმხლები დაავადებები. ასევე, ახალი სტანდარტის მიხედვით, ოპერაციამდე პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ჩაუტარდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და ა.შ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროტოკოლის თანახმად, ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს.
„ბარიატრიული ქირურგიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მისი რეგულირების მექანიზმის სრულყოფა. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პროცედურები მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა განხორციელდეს. სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ქირურგის კვალიფიკაციასა და გამოცდილებასთან დაკავშირებითაც. განახლებული სანებართვო პირობები დაწესებულებებმა 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დააკმაყოფილონ.
ბარიატრიული ოპერაცია საკმაოდ რთული ქირურგიული ჩარევაა და ის მხოლოდ კონკრეტული ჩვენებების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს. სწორედ ეს ჩვენებები განისაზღვრა პროტოკოლით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების შესაბამისად. პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები, ჩარევამდე პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ჩაუტარდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და ა.შ.
მსგავსი ტიპის ცვლილებების საჭიროება „მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის ჩარევის ჩვენებების“ – პროტოკოლზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა. შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის ექსპერტებმა წარმოადგინეს.
საერთო ჯამში, ახლად განსაზღვრული სანებართვო პირობები, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს, პაციენტისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას მისცემს და 2025 წლისთვის, საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დაკმაყოფილებას გაუადვილებს“,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში.
ინფორმაციისთვის, ქირურგიული ჩარევისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებში ნათქვამია, რომ მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის გამოყენება რეკომენდერებულია იმ პაციენტებში, ვისაც პირველი ხარისხის სიმსუქნე აღენიშნებათ და რომლებმაც ვერ მოახერხეს წონის არსებითი და მდგრადი კლება ან თანმხლები დაავადებების მდგომარეობის გაუმჯობესება არაქირურგიული მეთოდებით. ამასთან, აღნიშნულია, რომ მეტაბოლურ – ბარიატრიული ქირურგია ნაჩვენებია პაციენტებში II ტიპის შაქრიანი დიაბეტით, I ხარისხის სიმსუქნით რომელთა სხეულის მასის ინდექსი არის < 35 კგ/მ2 (30-34.9 კგ/მ2).
მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის პროტოკოლი დეტალურად იხილეთ ბმულზე.