LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

241
არცახი

თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს.

განკარგულების მიხედვით, მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა, რუსული კონტინგენტის შუამავლობით, მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაადგილება ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის, მათ შორის სამხედროებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს.

ე.წ. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად:

„1. 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას.

2. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებლებს, მოცემული განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, გააცნობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა შემდეგ მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესახებ.“

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის ძალებმა „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყეს.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას და სეპარატისტები დანებდნენ. ამავე დღეს, ყარაბაღელი სომხები, ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დათანხმდნენ.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

ფაშინიანი: „აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიოს – სომხეთი საომარი მოქმედებების დაწყებას არ აპირებს“

ალიევის ადმინისტრაცია: არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება

დმიტრი მედვედევი ნიკოლ ფაშინიანზე: „გამოიცანით, რა ბედი ელის მას…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g