„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას, ე.წ საბოტაჟის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ ცოტა ხნის წინ დახურულ სხდომაზე მიიღო.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა
ნიკა გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა – მოსამართლის გადაწყვეტილებით მას პასპორტიც ჩამოერთვა.
შეგახსენებთ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
გიორგი ვაშაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
გიორგი ვაშაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.
