“ახალი შემთხვევებიდან ერთი ე.წ თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, დანარჩენი ინფიცირებული პაციენტები ბოლნისიდან და მარნეულიდან არიან.
“ჩვენს ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი წევს. ყოველდღე ვიღებთ ახალ პაციენტებს, და ამასთან ვწერთ გამოჯანმრთელებულებს. ჩვენს ცენტრს მთლიანობაში 57 გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს. დღესაც 6 პაციენტზე, რომლებთანაც პირველად ტესტირებაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, მონიტორინგი მიმდინარეობს და მეორად ტესტზე ისევ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გაეწერებიან ბინაზე. ერთი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, დანარჩენი შემთხვევები ძირითადად ბოლნისიდან და მარნეულიდან არიან.
რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, გვყავდა 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით და ორი კრიტიკული, რომლებიც უკვე მხოლოდ მძიმედ ითვლებიან. მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, მიმდინარეობს დაავადების მონიტორინგი”, – აცხადებს ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ ასევე განაცხადა, რომ კლინიკას კიდევ 1 ინფიცირებული ბავშვი დაემატა, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და უკვე 11 მოზარდი გვყავს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, გავაკეთებთ ტესტირებას და ისინი თანდათან დატოვებენ კლინიკას”, – განაცხადა მან.
მარინა ეზუგბაიამ, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ, ვისაც მონაცემები გაყალბებულად მიაჩნიათ, შთაბეჭდილება რჩება, რომ მართლაც სურთ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სწრაფი მატება იყოს.
ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საყურადღებო და ერთი მძიმე პაციენტი ჰყავთ
“პირველი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ. სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამსახურმა, დააავადებათა კონტროლის ცენტრმა და იმ პერიოდში მხოლოდ ჩვენმა კლინიკამ, შევძელით და ვირუსის შეკავების პერიოდი შესაშური შედეგებით დავასრულეთ, სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. ეჭვები არის, რომ მონაცემები გაყალბებულია, ეს ასე არ არის. გაყალბება ვერ შეაჩერებს ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობის მკვეთრ მატებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. შიდა გავრცელების ეტაპის დაწყების შემდეგ, სახელმწიფომ სწორი და ადეკვატური ნაბიჯები გადადგა. მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიყვებოდა ამ სიტუაციას. ახლა ჩვენთან ერთად ამ დაავადების მართვასა და მკურნალობაში კიდევ 9 კლინიკაა ჩართული. შიდა გავრცელების პერიოდი საბედნიეროდ კონტროლირებადი ზომიერი მატებით გრძელდება. ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად სწორი. ვისაც ეჭვი შეაქვს ამაში, მგონია, რომ სურვილი აქვთ მართლა სწრაფი მატება იყოს ქვეყანაში”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა