სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ერთი თვე არის დარჩენილი, ძირითად პოლიტიკურ ძალებს პროგრამა დამტკიცებული არ აქვთ. – ინფორმაციას ამის შესახებ “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ავრცელებს და მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს დროულად გამოაქვეყნონ წინასაარჩევნო პროგრამები.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ვალია, წარადგინონ კონკრეტული სტრატეგია და ამით გამოხატონ, თუ რატომ უნდა აირჩიოს ის მოქალაქემ და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, დაამტკიცონ, რომ მათი პოლიტიკური ხედვა არის არსებული პრობლემების გადაჭრის უკეთესი გზა.
“დემოკრატიულ სამყაროში, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები უმნიშვნელოვანესს როლს თამაშობს. მათ გარეშე, ამომრჩეველს პოლიტიკური სუბიექტების გეგმებში, ღირებულებებში და შეხედულებებში ორიენტაციის საშუალება არ აქვს.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მზად არის ყველა საარჩევნო სუბიექტთან თანამშრომლობისთვის, რათა დაეხმაროს მათ მაქსიმალურად უკეთ გაავრცელონ წინასაარჩევნო პროგრამები ელექტორატში, მათ შორის, განათავსოს მათი ხედვები partiebi.ge-სა და სხვა პლატფორმებზე, რითაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ პრინციპებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, დაეყრდნონ პარტიების კონკრეტულ შემოთავაზებებს და მოძებნონ მათი პრობლემების გადაჭრის
ეფექტური გზა.” – აღნიშნულია EECMD-ის მიერ “ფორტუნასთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.