LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეფექტიანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად მთავრობამ კრიტერიუმები დაადგინა – რა ევალება დამსაქმებელს?

80
ing (1)

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ, საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.

ტექნიკური რეგლამენტი, რომელსაც სრულად გაეცნობით საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე, ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეებთან მიმართებით. მასში აღნიშნულია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები, რომელიც სხვადასხვა საკითხს არეგულირებს, მათ შორის არის:

? შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე;

?  სახანძრო უსაფრთხოება;

?  საევაკუაციო გზები და გასასვლელები;

?  საფრთხის შემცველი ადგილები;

?  ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები;

?  განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრებიც, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია.

?  რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.

სამუშაო სივრცისადმი ზოგადი მოთხოვნები

 

დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი პირობები:

ა) არსებობის შემთხვევაში, მუდმივად შეინარჩუნოს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე;

ბ) უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;

გ) რისკის დონისა და მწარმოებლის მითითებების (ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა) გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და შეკეთება, მოახდინოს რისკების პრევენცია და გაატაროს საფრთხეების აღმოფხვრისთვის აუცილებელი ღონისძიებები;

დ) რეგულარულად დაასუფთაოს სამუშაო სივრცე, სამუშაო მოწყობილობები და დანადგარები, ასევე სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ადგილები, იმგვარად, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები იყოს მუდმივად სუფთა.

2. დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, საწარმოს სიდიდიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაფასოს ეს რისკი, განაახლოს რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტი და მიიღოს შესაბამისი ზომები.

3. სამუშაო სივრცე უნდა მოეწყოს მაქსიმალურად ერგონომიულად. დამსაქმებელმა სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოს სამუშაოს ადაპტირება დასაქმებულთან, განსაკუთრებით − სამუშაო სივრცის მოწყობის, სამუშაო აღჭურვილობის, სამუშაო და საწარმოო მეთოდების შერჩევის თვალსაზრისით, მონოტონური სამუშაოს შემსუბუქებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობაზე სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად.

 

რეგლამენტში მე-17 პუნქტი დამხმარე სანიტარიულ სათავსებსა და სანიტარიულ კვანძებს ეხება.

1. დამხმარე სანიტარიული სათავსები შესაძლებელია, განთავსდეს როგორც უშუალოდ სამუშაო შენობებში, ასევე − სამუშაო ადგილთან ახლოს ცალკე მდგომ შენობებში. სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი შენობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამხმარე სანიტარიული სათავსებითა და სანიტარიული კვანძებით, როგორებიცაა: ხელსაბანები და საპირფარეშოები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, სააბაზანოები/საშხაპეები, მოსაწევი ადგილები, სამუშაო ტანსაცმლის რეცხვისა და დეზინფექციის ოთახები.

2. დამხმარე სანიტარიული სათავსებისა და სანიტარიული კვანძების ფართი უნდა შეესაბამებოდეს მათი გამოყენების მიზნობრიობას. სანიტარიული სათავსებისა და სანიტარიული კვანძებისთვის განკუთვნილი ოთახების ჭერის სიმაღლე დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობასა და ოთახების დანიშნულებაზე, მაგრამ არანაკლებ 2 მეტრისა.

რაც შეეხება საპირფარეშოებს, მე-18 პუნქტში აღნიშნულია:

1. სამუშაო ადგილთან, მოსასვენებელ და გამოსაცვლელ ოთახებთან, საშხაპეებთან, ხელსაბანებთან განთავსებული უნდა იყოს საჭირო რაოდენობის საპირფარეშოები.

2. მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები უნდა იყოს გამიჯნული.

3. თითოეულ საპირფარეშოს უნდა ჰქონდეს საკეტიანი კარი, რომელიც უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ.

4. საპირფარეშოები აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვით ან სავენტილაციო სისტემითა და ხელსაბანებით.

მუხლი 19. საშხაპეები და ხელსაბანები

1. დასაქმებულები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების (მტვერი, მავნე ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები, მაღალი ტენიანობა, პათოგენურ-ბიოლოგიური აგენტები, მაიონიზირებელი გამოსხივება და სხვ.) ზემოქმედებასა და აგრეთვე სურსათის ან სტერილური მასალების წარმოებასთან/გადამუშავებასთან, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საშხაპე ოთახებით.

ასევე, საშხაპეები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს ადეკვატური ზომა;

ბ) გაიმიჯნოს ქალისა და მამაკაცის საშხაპეები;

გ) უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი ცივი და ცხელი წყლით;

დ) თბებოდეს ცივ ამინდში;

ე) იატაკები და კედლები დამზადებული უნდა იყოს წყალგაუმტარი და იოლად გასაწმენდი მასალებისგან.

3. თუ სამუშაო სპეციფიკა არ ითვალისწინებს საშხაპეების მოწყობის აუცილებლობას, მაშინ დასაქმებულები და სხვა პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ხელსაბანებითა და მუდმივი წყლით (საჭიროების შემთხვევაში − ცხელი წყლით). ხელსაბანები მამაკაცებისა და ქალებისათვის უნდა იყოს განცალკევებული და განთავსებული სამუშაო სივრცესა და გამოსაცვლელ ოთახებთან ახლოს.

4. თუ საშხაპეები და ხელსაბანები გამიჯნულია გამოსაცვლელი ოთახებისგან, აუცილებელია მათ შორის იყოს დამაკავშირებელი კორიდორი”, – აღნიშნულია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელსაც ვრცლად გაეცნობით ამ ბმულზე – ტექნიკური რეგლამენტი სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.