LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგზოტიკური ტურიზმი საქართველოში – რა ჯდება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება

აჭარაში, სოფელ სახალვაშოში, შუამთის პლატფორმის მახლობლად, 20-22 საოჯახო სასტუმროა, რომლებიც ფრინველებზე დამკვირვებელ ტურისტებს მასპინძლობს. ფრინველები მხოლოდ ამ, შუამთის პლატფორმაზე გამავალი ზოლით გადადიან და დაკვირვებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. ამიტომაც იზიდავს ტურისტებს და ბოლო პერიოდში მათი რაოდენობაც გაიზარდა. 

სასტუმროების მეპატრონეთა თქმით, რაოდენობის მხრივ, ყველაზე მეტი ტურისტი 2011 და 2012 წლებში ჩამოვიდა, თუმცა მაშინ ფასი საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომ ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ფასმა კი მოიმატა და 20 ლარიდან 15 ევრო გახდა.

ნური დილავეროვი სახალვაშოში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეა. ის ექვსი წელია, საკუთარ სახლში იღებს სტუმრებს, რომლებიც შუამთის პლატფორმაზე იშვიათი სახეობის გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან. ნურის თქმით, 2011 წლიდან დღემდე, როგორც ტურისტთა რაოდენობა, ასევე პირობებიც შეიცვალა. 

ფრინველების გადაფრენას სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი ტურისტი აკვირდება. ისინი სახალვაშოს საოჯახო სასტუმროებში განთავსდებიან. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი 17 აგვისტოდან 17 ნოემბრამდეა.

ამ ტურისტების გარდა, ფრინველებზე დასაკვირვებლად თბილისიდან, სომხეთიდან, ამერიკიდან, თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან.  საოჯახო სასტუმროში განთავსების ფასი ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც ერთია – 15 ევრო დღეში. თანხას ყოველ მე-15 დღეს იხდიან.

ნური დილავეროვი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი სახლი თავდაპირველად სტუმრების მისაღებად „მზად არ იყო“, თუმცა დღეს სტუმრებისთვის ცალკე 5 ოთახი აქვს გამოყოფილი.

„თავიდან სახლი საერთოდ არ მქონდა გაკეთებული. მხოლოდ აშენებული იყო. სახლში არც სველი წერტილები არსებობდა. პირველად უცხოელები 2011 წელს ჩამოვიდნენ. მაშინ ისინი მახინჯაურში ცხოვრობდნენ და ფრინველების დასაკვირვებლად აქ რომ ამოსულიყვნენ, სამარშრუტო ტაქსს იყენებდნენ. ფრინველებს სახალვაშოს პლატფორმიდან აკვირდებიან. სწორედ იქიდან შეამჩნიეს ჩემი სახლი და აქ ღამის გათევა გადაწყვიტეს,“ – გვითხრა ნური დილავეროვმა.

ასე აღმოჩნდნენ 2011 წელს პირველი ბელგიელი ტურისტები ნურის სახლში. ნური იმასაც აღნიშნავს, რომ თავიდან უცხოელებს არაერთხელ უთხრა უარი ღამის გათევაზე, რადგან, როგორც თავად ამბობს, არ იცოდა, ვინ იყვნენ, თუმცა ამ უარის მთავარი მიზეზი სხვა – ფინანსური პრობლემები და მოუწესრიგებელი სახლი იყო. 

მალე ტურისტები დილავეროვთან მეორეჯერ ჩამოვიდნენ და 2 თვეში 3000 ლარის გადახდაზე შეუთანხმდნენ. მასპინძელმა კიდევ უარი უთხრა, რადგან, მისი თქმით, ოჯახში არაფერი ჰქონდა გაკეთებული. ტურისტებისთვის ჭამაც და ღამისთევაც 20 ლარი ჯდებოდა. შეთანხმების შემთხვევაში, ღამისთევაში 7-ს, ხოლო პროდუქტებში 13 ლარს გადაიხდიდნენ.

 

„მაშინ 7 ლარი ჩემთვის ფული იყო. დავთანხმდი და ვუმასპინძლე, თუმცა მალევე გაირკვა, რომ არც ეს 20 ლარი იყო სტუმრებისთვის საკმარისი. იმ წელიწადს კაპიკი არ დამრჩენია. მეორე წელს მითხრეს, რომ დღეში 25 ლარს მომცემდნენ. დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ზარალში ვიყავი. 2012 წელს 10-12 უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა. მესამე წელიწადს ვუთხარი, რომ წასულიყვნენ, ვეღარ მივიღებდი. არ მიღირდა. მერე 37 ლარზე გადავიდნენ, ვინაიდან საგადასახადოს მე ვიხდი, 20% ამ თანხიდან კიდევ იქვითებოდა. მხოლოდ 30 ლარი მრჩებოდა. ეს სიტუაციაც ავუხსენი. საბოლოოდ, დღეში 15 ევროზე შევთანხმდით,“ –  ამბობს ნური დილავეროვი.

ბოლო რამდენიმე წელია, დილავეროვის საოჯახო სასტუმრო 4-5 ტურისტს მასპინძლობს. ვინაიდან ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული, მასპინძლის თქმით, რთულია კომუნიკაცია, თუმცა მისი ვაჟი ეხმარება. 

„დილით 4-5 საათზე ვდგები, საუზმეს ვუმზადებთ, ლანჩს ვატანთ, შემდეგ მიდიან და საღამომდე არ ბრუნდებიან შინ. ჩემს საოჯახო სასტუმროში ახლა ყველაფერი მაქვს: წყალიც, დენიც, ინტერნეტიც. როცა სახლში არიან,  კომფორტი მეტ-ნაკლებად აქვთ,“ – დასძინა დილავეროვმა.

თავდაპირველად ბელგიელი ტურისტები გადამფრენ ფრინველებს სვანეთიდან აკვირდებოდნენ. მალევე ტურისტები სვანეთში ერთმა ბათუმელმა ბიჭმა, ასლანმა, გაიცნო. ასლანმა უთხრა, რომ ისეთი ადგილი, საიდანაც გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება სიმაღლიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო, ბათუმშიც არსებობს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ერთ-ერთი ტურისტი ბელგიაში წავიდა და რამდენიმე დღეში უკან, ბათუმში 2-3 ტურისტით დაბრუნდა. მას შემდეგ ტურისტები ბათუმიდან აკვირდებიან გადამფრენ ფრინველებს. ფრინველები მხოლოდ ამ, შუამთის პლატფორმაზე გამავალი ზოლით გადადიან.

 

თათია კაკიაშვილი 

 

პოპულალურები