LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ანდრონიკაშვილი: „გიორგი ნაკაშიძე თეატრალურში გავიცანი, ძალიან რომანტიკული სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა“

32
ეკა-ანდრონიკაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“, გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ტელეწამყვანი, ეკა ანდრონიკაშვილი.

ეკა, გვესაუბრე შენი ოჯახის შესახებ, რომლითაც, ალბათ, ძალიან ამაყობ…

ამპარტავნებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ დიახ, ვამაყობ ჩემი ოჯახით, ჩემი წინაპრებით. მე მზრდიდნენ დედაჩემის დედა და მამა, ბაბუაჩემი იყო მენაბდე, ბებია უფრო მეტად დიასახლისი გახლდათ. როცა ჩემი ბავშვობას ვიხსენებ, ბებიას ვაშლის ნამცხვარი მახსენდება. ბავშვობაში ექიმობანას ვთამაშობდი, მიყვარდა კითხვა, ხატვა. მადლობელი ვარ დედაჩემის, ჩემი მშობლების, ისინი არაფერს მაძალებდნენ. არაჩვეულებრივი კლასი და მეგობრები მყავდა. ახლა კი, სამწუხაროდ, ონლაინ სამყაროში ვცხოვრობთ. დედა თეატრალურში ასწავლიდა, ამ ფაქტორმაც ითამაშა დიდი როლი. როცა მამაჩემს ვუთხარი, რომ მსახიობობა მინდოდა, მან პეტერბურგში წამიყვანა, მეუბნებოდა, რომ მსახიობობა ძალიან რთული იყო. ერთხელ მასთან მსახიობი, ლარისა გუზეევა მივიდა, მამამ ჩემზე უთხრა, მსახიობობა უნდაო, მანაც მამაჩემს რჩევის სახით უთხრა, რომ კარგი გოგოა და აცადე, თავად გააკეთებს არჩევანსო. მან მე თავისთან  წამიყვანა, „კრისტიან დიორის“ თვალის ჩრდილები მაჩუქა და მითხრა, ნუ უსმენ ნურავის და გააკეთე ის, რაც გინდაო.

თეატრალური უნივერსიტეტის პერიოდი გაიხსენე, ჭოლას სტუდენტი იყავი…

სწავლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, აკადემიური ავიღე, იმიტომ, რომ გავთხოვდი, გიორგი ნაკაშიძეს გავყევი ცოლად, რომელიც თეატრალურში გავიცანი. ძალიან რომანტიკული სასიყვარულო ურთიერთობა  გვქონდა. შემდეგ მოვხვდი ლევან წულაძესთან, რომელიც პრაქტიკულად, ჩვენი მამა გახდა. ჩვენ ვმეგობრობდით, სულ ერთად ვიყავით. ის ხშირად გვეუბნებოდა, რომ შინაგანი ბავშვი არასდროს უნდა დაგვეკარგა. მესამე კურსზე უკვე სპექტაკლი დავდგით. ამის საფუძველზე დაარსდა თეატრალური სარდაფი.

მინდა, ჭოლას თემას შევეხო, რომელმაც თეატრი დატოვა. შენი, როგორც მსახიობის მოსაზრება რა არის ამ თემასთან დაკავშირებით?

ჭოლა არის რევოლუციონერი, ჭოლა არის ახალგაზრდა აზროვნების ადამიანი. ის არ დაიკარგება და ბევრ კარგს კიდევ შექმნის და გააკეთებს. იმაში რაც მოხდა, არანაირი ტრაგიზმი არ არის.

შეადარე თეატრის სცენა და კინო, სერიალი…

იცით, აბსოლუტურად სხვადასხვაა. 12 წლის ვიყავი, პირველად რომ გადამიღეს. ჩემთვის უცხო არ იყო კამერები, მე მიყვარს კამერა, „ცხელ ძაღლამდე“ იყო მერაბ თავაძის ფილმი, „ხვეული კიბით“. აი, მანდ ვიგრძენი, რომ კამერაში შეძრომა და საკუთარი თავის გარედან დანახვა შემეძლო. თუმცა, როცა სცენაზე დგახარ, მაყურებლის ენერგიას გრძნობ.

16 წლის იყავი, როცა „მის საქართველო“ გახდი…

მეგონა, ზღაპარში ვიყავი, უცბად ჰოლივუდში ვიგრძენი თავი. რამდენიმე მიღებაზე წამიყვანეს, თეატრალურამდე კარგი იყო ამ გამოცდილების მიღება. მეტი დიდი ამ ტიტულმა არაფერი მომიტანა. ერთ თემას მინდა შევეხო, ჩემი კარიერის ერთ-ერთ ეტაპზე ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე პირველი კასთინგ ბაზა. გავაკეთეთ სამენოვანი საიტი. ვამაყობ ჩემი ამ წამოწყებით. ეს სფერო ძალიან მიყვარს.

ეკა, შენ და გიორგი ნაკაშიძე 11 წელი იყავით ერთად, რამდენად რთულია ორი მსახიობი ერთ ოჯახი? 

ძალიან რთულია. გიორგი ძალიან სერიოზულად უდგება როლს, მახსოვს, თოვლის ბაბუას როლი შესთავაზეს და ერთი კვირა ფიქრობდა, როგორი თოვლის ბაბუა უნდა ყოფილიყო.

23 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდი დედა…

ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი. ღმერთს ყოველ დღე მადლობას ვეუბნები, რომ მაჩუქა კიდევ ერთი შვილი და ასეთი არაჩვეულებრივი. უფროსი შვილი კინოოპერატორია. ახლა გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც გაიმარჯვა. ჩვენ ოჯახში ყველა ჯანსაღად კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ. ჩემი უმცროსი შვილიც არტისტულია, მღერის კარგად. თავად ამბობს, ფიზიკოსი უნდა გამოვიდეო.

კიდევ ერთი შენი პროფესია ტელეწამყვანობაა…

ძალიან დიდი სიამოვნებაა, რა ჯობია რესპონდენტთან ურთიერთობას. მავიწყდება ხოლმე, რომ კამერა დგას. ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი საინტერესო პროექტი მქონდეს. ვფიქრობ, მეტის გაკეთება შემიძლია იმასთან შედარებით, რასაც ვაკეთებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები