LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა გიგაური – ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს

116
Screenshot_1

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურმა სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით ავტოკრატები აძლიერებენ რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და ძირს უთხრიან პარტნიორობას აშშ-სთან და ევროკავშირთან.

„არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონების მიღება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შემაშფოთებელ და მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები პირველად მიიღო პუტინის რეჟიმმა რუსეთში, რამაც უზრუნველყო დაუბრკოლებელი გადასვლა კონსოლიდირებულ ავტოკრატიაზე. როდესაც ასეთი კანონები არის ინიცირებული ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, ავტოკრატები აძლიერებენ რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ახდნენ სოციალურ განხეთქილების კულტივირებას და ძირს უთხრიან პარტნიორობას აშშ-თან და ევროკავშირთან, და ეს ხდება მოქალაქეთა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.

ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად კი ორი მთავარი ელემენტია აუცილებელი აქტიური მოქალაქეების ერთიანობა, რომელთა გაცნობიერებული არჩევანიცაა თავისუფლება და მზაობა მის დასაცავად; და მეორე საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და დახმარება მათ განვითარებას და ზრდაში. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა საუბრობდეს და მოქმედებდეს ლეგიტიმური მორალური ავტორიტეტით, მტკიცედ და დამაჯერებლად. სამი ათეული წელია, ზუსტად ასეთ პარტნიორად იქცა ჩვენთვის ამერიკა, როდესაც ქართველებს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისკენ მისწრაფების დაცვაში გვეხმარებოდა“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე აშშ-მა არ უნდა გააკეთოს და თავისუფლება მოპოვებულია იმ მოქალაქეთა მიერ, რომელთათვის აშშ ყოველთვის შთაგონების წყარო იყო.

„ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე, აშშ-მა უნდა გააკეთოს, ნაცვლად საქართველოს მოქალაქეებისა, რომელთა გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად. თავისუფლებას ვერავინ, ყველაზე დიდი მოკავშირეც, ვერ მოგანიჭებს. ის მოპოვებულია მოქალაქეთა მიერ, ვისთვისაც ამერიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო. მთავარი ისაა, რომ იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს – რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს – მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

საქართველოში ანტისამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონის შემოღებას, რომელსაც „რუსულ კანონს“ უწოდებენ სახალხო წინააღმდეგობა მოჰყვა. თუმცა ხელისუფლებამ მაინც განაგრძო წითელი ხაზების გადაკვეთა რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად გადამწყვეტი რეფერენდუმია. მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის. თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს“, – განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურმა სიტყვით გამოსვლისას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სამი ეტაპი გამოყო, რომლებიც რეპრესიების დასაკანონებლად ნიადაგის მომზადებას, კანონის მიღებასა და აღსრულებას მოიცავს.

„რუსეთში აპრობირებული ავტოკრატიული მიზნები მარტივია: კრიტიკული ხმების ჩახშობა, სამოქალაქო სივრცის ჩაკეტვა და თავისუფალი მედიის გაქრობა. ამ მიზნების მიღწევისთვის კი კანონიერების ცრუ ფასადით შენიღბული ანტი-არასამთავრობო კანონმდებლობა ძალიან მოხერხებული იარაღია. საქართველოში ეს პროცესი სამ ეტაპად წარიმართა:

პირველი ფაზა იყო რეპრესიების დასაკანონებლად ნიადაგის მომზადება, ამ ფაზა სამოქალაქო საზოგადოების, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ მასიური კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით დაიწყო. სხვა კოლეგებთან ერთად, მე და ჩემი ოჯახის წევრებიც გავხდით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმებისა და დაშინების სამიზნე;

მეორე ფაზა კანონის მიღება საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, სახალხო მღელვარების, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მკაფიო გაფრთხილების მიუხედავად, კანონი მაინც მიიღეს. ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო მეგობრები საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩინა. ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა; მესამე ფაზა „რუსული კანონის“აღსრულებაა.

ეს მოიცავს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის „უცხოური აგენტების“ იარლიყის მიწებებას. ქართველებისთვის ეს ტერმინი დამამცირებელია და საბჭოთა რეპრესიებთანაა ასოცირებული;

მძიმე ფულადი ჯარიმების დაწესებას და ქონების დაყადაღებას მათთვის, ვინც უარს ამბობს „აგენტად“ დარეგისტრირებაზე ან არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას;

პირადი ხასიათის მგრძნობიარე ინფორმაციის გამოთხოვას, რაზეც უარი ასევე ჯარიმებს ან აქტივების გაყინვას იწვევს;

საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის ოცნების დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს; მკაფიო გზავნილებით ესაუბრებიან ქართველ ავტოკრატებს; ამხნევებენ მათ, ვინც დემოკრატიას იცავს; ასანქცირებენ მათ, ვინც დემოკრატიას აზიანებს; „მეგობარი აქტისა“ და „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატივებით გამოდიან. ამ მხარდაჭერას გულითადად აფასებს თითოეული ქართველი, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა და ჩაგვრა მიუღებელია.

ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება – მთელი ჩვენი ისტორია ასეთი ბრძოლის და თავგანწირვის მაგალითებითაა სავსე. ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიგაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g