რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ ფმ“ ნინი ბადურაშვილი ესტუმრა, რომელმაც ახალი სიმღერა თათა სადრაძის გადაცემაში წარადგინა. ეს არის 20 წლის წინ შექმნილი სიმღერა, რომელიც ეკა კახიანს ეკუთვნის. სწორედ მისი ახალი ვერსია წარადგინა მომღერალმა „არტ ფმ“-ში.
ნინი ბადურაშვილი:
ეს სიმღერა მართლაც ნაცნობია მსმენელისთვის, თუმცა ეკას შესრულებით. სიმღერას ჰქვია „უშენოდ“. ტექსტის ავტორია ნიკო გომელაური, ძალიან ემოციური ტექსტია და ძალიან მიყვარს. ეკას დაწერილი სიმღერებიდან ბევრს უყვარს და მეუბნებოდნენ, რატომ არ აკეთებო. ძალიან გრძელი ისტორია აქვს ამ სიმღერის ახალი ვერსიის შექმნას. ჯერ ანრიმ გამიკეთა ახალი ვერსია, კლიპიც კი გადავიღეთ, მაგრამ ბოლომდე თითქოს ვერ დავასრულეთ და შევეშვით ამ ამბავს. ვიფიქრე, ორკესტრით ხომ არ ჩავწერო-მეთქი. მერე დავურეკე ჩემს მეგობარ ნიკა ნიკვაშვილს, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს ეს სიმღერა. საბოლოოდ, ნიკამ გააკეთა არანჟირება და ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“. მადლობა ალეკო ბერძენიშვილსა და ბორიკო შხიანს. როცა ეს სიმღერა დავასრულეთ, დაემთხვა კოვიდი, ჩავიკეტეთ და სიმღერის პრემიერა გადაიდო. ლაშა ცერიაშვილმა გადაიღო ვიდეო ამ სიმღერაზე, ის არის ჩემი ბოლო კლიპების ავტორი. უკვე კადრებიც დავდეთ სოციალურ ქსელში.
ეკა კახიანმა რა გითხრა, მოიხიბლა ამ ყველაფრით თუ შენიშვნები შეიტანა ამ ვერსიაში?
იმდენი შენიშვნა შევიტანეთ ცალკე მე და ცალკე ეკამ, რომ „ბრავოში“ ვეღარ გვიტანდნენ. მეც და ეკაც მაქსიმალისტები ვართ, ორივე თხის რქა ვართ და ძალიან გაგვეწელა ეს ამბავი. ახლა კმაყოფილები ვართ. ჩემი ნამღერით ძალიან იშვიათად ვარ კმაყოფილი, სულ შეცდომას ვეძებ. ბევრი ადამიანი რომ მეტყვის კომპლიმენტს, მე მაინც მოვძებნი ისეთ მონაკვეთს, რაც მარტო მე ვიცი და არ მომწონს. ძალიან არ მიყვარს ჩემი ძველი ჩანაწერების მოსმენა. ამ გადმოსახედიდან აღარ მომწონს.
შენ და ეკას დუეტიც არაერთხელ გიმღერიათ…
„პრაიმშოუში“ შევასრულეთ, თუმცა ცალკე არ შემისრულებია. ეკა მღეროდა, ერთხელ იმღერა ნატო მეტონიძემ ეკას კონცერტზე…
ნინი ბადურაშვილი – „უშენოდ“