LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ლალიაშვილი: “თუ მე გადავაჭარბებ სიჩქარეს უნდა ჩამომაკლდეს ქულა, ეს მოლოდინი როცა მექნება, როგორც მძღოლს, ძალიან კარგად დავიცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ნურავინ იტყვის, რომ ევროპაში უფრო კანონმორჩილები არიან და ჩვენ ეს არ შეგვიძლია”

97
maxresdefault

“სახელმწიფოს ევალება მოაწყოს უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ჩვენ გვევალება გამოვიყენოთ ეს გზა უსაფრთხოდ,” – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

ლალიაშვილმა ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა შეაფასა, რა დროსაც 5 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა და აღნიშნა, რომ პრობლემა უკავშირდება როგორც დაუდევრობას ასევე ინფრასტრუქტურულ საკითხებს.

ლაგოდეხში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

“აქ დაუდევრობაა ერთი საკითხი და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების საკითხები არის ასევე მნიშვნელოვანი.
დღეს გვაქვს ბევრი ქუჩა და მაგისტრალი, რომლის მიმდებარედ არის მოსახლეობა, სკოლებია ასევე და უწევთ ბავშვებს გადაადგილება.
ამ ბავშვების აღქმაში არის თავიანთი ეზო, თუმცა მეორე მომენტია, რომ არის ჩქაროსნული გზა, სადაც მაღალი სიჩქარით დადიან ავტომობილები.

ამიტომ მოსახლეობამ შეიძლება ბევრჯერ მიმართოს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს გზა არის მაღალი სიჩქარისთვის განკუთვნილი, შეიძლება მუნიციპალიტეტმა, გზების დეპარტამენტმა უარი უთხრას „მწოლიარე პოლიციელის“ იგივე სიჩქარის შემაკავებლის გაკეთებაზე.
მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ მთავარი პრიორიტეტი, როცა ვსაუბრობთ, რომ ეს გზა ჩქაროსნული შეიძლება იყოს, არის განპირობებული იმით, რომ კვლავ მანქანებს ენიჭებათ უპირატესობა და ადამიანი არის ბოლო ნაწილში.

ამიტომ, ჩვენ უნდა შევიცვალოთ ის მიდგომები, რომლებიც აქამდე იყო და უნდა ვთქვათ, რომ აქ პრიორიტეტული არის ადამიანი.

ნებისმიერი გზა, სადაც გადაადგილდება მცირეწლოვანი, ფეხით მოსიარულე, სადაც არის შერეული მოძრაობა, ველოსიპედები გადაადგილდებიან და ა.შ აქ პრიორიტეტი რა საკვირველია, არის ასეთი მოწყვლადი კატეგორიის საგზაო მოძრაობის მონაწილენი.

აქ დაუშვებელია იმის თქმა, რომ არ გამოვა სიჩქარის შემაკავებელი ბორცვი.

როცა ხდება ასეთი შემთხვევა, მერე ვიწყებთ საუბარს, მერე ვიწყებთ ამაზე დარდს და ფიქრს და ეს საბოლოო ჯამში, არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ადამიანები ეწირებიან მსხვერპლად. როდემდე?

ამაზე ვსაუბრობთ უკვე წლებია. სკოლის ირგვლივ რომ უნდა იყოს უსაფრთხო გარემო, 30 კმ/სთ-მდე შემცირდეს სიჩქარე, იყოს კამერები, უსაფრთხო გზა ყველასთვის, ეს ხომ ძალიან მარტივია?

არ შემიძლია არ შევეხო შარტავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 8 წლის დათი მძიმედ დაშავდა.

რა ვისწავლეთ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ და რა შეიცვალა?

ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაშია ჯერ კიდევ დათი და რაც დამართა მძღოლის დაუდევრობამ. ვისწავლეთ ის, რომ ის დააყენეს კამერა, ეს კამერა მეტ-ნაკლებად აკონტროლებს იქ ტერიტორიას.

ეს პრობლემა არ არის მხოლოდ შარტავას, ძალიან ბევრი ქუჩა გვაქვს სკოლის მიმდებარედ, რომელიც არ არის მიხედილი.

სანამ არ მოხდება ისეთი შემთხვევა, რომელსაც მთელი ქვეყანა იგლოვებს, მანამდე რაიმე ნაბიჯები ხომ უნდა გადაიდგას?

თბილისში კიდე არა გვიშავრს, აი რეგიონებში ცნობიერებაც არ არის თუნდაც მუნიციპალურ დონეზე, რომ ამ ტიპის ინტერვენციები წინასწარვე მოხდეს.

საით მივდივართ? ისევ სახელმწიფო ნებაზე, ისევ მოქალაქეების ცნობიერების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ რომელიმე ერთი მხარის გასაკეთებელი.

5 წლის ბავშვს და მის ოჯახს, ვის შველის თითის გაშვერა, რომელ მხარეს? ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის მათი პასუხისმგებლობა.
სახელმწიფო უწყებების პოზიციაც საინტერესოა, თუ ამის შემდეგ მაინც მოხდება რეაგირება და ის გზა გახდება უფრო უსაფრთხო. ესეც კარგი შედეგი იქნება, მაგრამ რატომ უნდა ეწირებოდნენ 5 წლის ბავშვები აი ასეთ დაუდევარი მძღოლის ქცევას და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის არარსებობას?

როგორია თავად სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევების მხრივ? იმ რეფორმების ფონზე, რაც ტარდება ბოლო წლებში? მზარდია თუ კლებადი სტატისტიკა?

უმჯობესდება თუ არა მაჩვენებლები და არის თუ არა გარკვეული პროგრესი?

ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო 2011 წელს, როდესაც უსაფრთხოების ღვედების რეფორმა შემოვიდა და 2017 წელს, როდესაც ქულათა სისტემა შემოვიდა, ჭკვიანი კამერები დავაყენეთ და მეტი კონტროლის მოლოდინი გაჩნდა საზოგადოებაში.

აქედან არის დასკვნა: სტატისტიკა არის გაუმჯობესებული 10-15%-ით, როგორც საგზაო შემთხვევები, ასევე დაღუპვა და მძიმე დაზიანება, როდესაც რაიმე მსხვილი რეფორმა ტარდება. მაშინ, როდესაც ხალხის მოლოდინიც არის, რომ შეიძლება დაჯარიმდნენ უფრო მეტად. მას შემდეგ, რაც რეფორმები მინელდა, ხალხიც მოდუნებულია. იციან, რომ ზოგი კამერა არ მუშაობს ხშირ შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. არ ერიდებიან სიჩქარის გადაჭარბებას, ზოლიდან ზოლში გადასვლას. ბევრ უხეშ დარღვევას აკეთებენ იმიტომ, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ დაჯარიმდებიან.

მაშინ, როდესაც ჩვენ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ვმუშაობთ, ეს პროგრესის მომტანია. სხვა შემთხვევაში სტატისტიკა უარესდება. შეიძლება დაღუპულობა იყოს ნაკლები, მაგრამ მძიმე დაზიანება იყოს მეტი. ან პირიქით, აი მუდმივად თამაშის პროცესშია.
კარგია სტატისტიკა მაშინ, როდესაც სამივე მიმართულება, როგორც საგზაო შემთხვევები, ისე დაზიანებები და დაღუპვა იკლებს.

თქვენ ბოლოს ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ მძღოლები ერთგვარად არიან წახალისებულები, რადგან დაარღვევენ, შემდეგ იხდიან ჯარიმას და არ ხდება მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მათ არ აკლდებათ ქულები.

რა პრობლემასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? როგორ უნდა მოხდეს უფრო ეფექტურად მძღოლების კონტროლი და ზომების გატარება?

რატომ არ მუშაობს ეფექტურად ქულათა ჩამოკლების სისტემა, რაშია პრობლემა?

ქულათა სისტემა არ მუშაობს. 2017 წელს სხვა მოლოდინი გვქონდა და ზუსტად ეს მოლოდინი ინერციის მიდიოდა, მაგრამ დიდხანს ეს ინერცია ვერ გაგრძელდება.

თუ ჩავარდნას შემდეგი ნაბიჯი არ დაახვედრე, ის აღარ მუშაობს.

სიჩქარის გადაჭარბებაზე და მძიმე დარღვევებზე, რომელიც არის პრაქტიკულად ადამიანების მკვლელი დარღვევა, პირდაპირ უნდა იყოს კამერებთან ბმაში.

თუ მე გადავაჭარბებ სიჩქარეს უნდა ჩამომაკლდეს ქულა, ეს მოლოდინი როცა მექნება, როგორც მძღოლს, ძალიან კარგად დავიცავ საგზაო მოძრაობის წესებს.

ნურავინ იტყვის, რომ ევროპაში უფრო კანონმორჩილები არიან და ჩვენ ეს არ შეგვიძლია.

სადაც ღვედის შეკვრა შევძელით, სადაც წესების დაცვა შევძელით, როცა რეალურად იყო რეფორმები, ამასაც ძალიან კარგად შევძლებთ. უბრალოდ გვჭირდება უკეთესი ადმინისტრირება, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა.

ჭავჭავაძის გამზირი თავიდან მძღოლებს არ მოსწონდათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ფეხით მოსიარულეთათვის, ბავშვებისთვის, შშმ პირებისთვის არის ყველაზე კარგი ქუჩა დღეს. დღეს ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კატეგორიის ქუჩაა. რატომ? იმიტომ რომ არის ადამიანებზე მორგებული.

აი ასეთი ქუჩები უნდა გავხადოთ დღეს ყველგან, სადაც მეტი გადასასვლელია და პრიორიტეტი ენიჭება ადამიანს. დღეს ქალაქების დაგეგმარება ხდება მხოლოდ ადამიანებზე, ბავშვებზე.

როცა ვსაუბრობთ უსაფრთხო გადაადგილებაზე, ბუნებრივია ქვეითებსაც დიდი წვლილი მიუძღვით…

მხოლოდ მღოლების მხრივ რომ არ შევაფასოთ პრობლემა, ხშირ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ ქვეითები არღვევენ მოძრაობის წესებს, მაგალითად კვეთენ საავტომობილო გზას, რომელიც მათი მოძრაობისთვის არ არის განკუთვნილი, ხშირად სპონტანურად…

შესაბამისად, პრობლემა ექმნება თავად მძღოლსაც, რომელიც ფიზიკურად ვერ ასწრებს დამუხრუჭებას. ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ, რაიმე ღონისძიებები, ვთქვათ საინფორმაციო კამპანია თუ გატარებულა ან თუ ხედავთ ამის საჭიროებას?

რა საკვირველია, ქვეითების სცოდავენ ხშირ შემთხვევაში. წითელი რომ არის ანთებული ქვეითისთვის მაშინ გადადის, ძალიან ხშირად ხდება ასეთი რამ და ისეთი წარმოსადეგი ადამიანები გადადიან ხოლმე ზოგჯერ რომ გაგიკვირდებათ.
დაჯარიმების მექანიზმი პრაქტიკულად არ მოქმედებს, აი ეს არის პრობლემა.

ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

ბევრ ადგილას, კოსტავაზე, პეკინზე გაკეთდა კუნძულები ქვეითებისთვის და იქ რომ გადაირბინოს არაზებრა გადასასვლელზე მართლაც ძალიან გასაბრაზებელია, მაგრამ ისევ რჩება ბევრი ქუჩა, სადაც გადასასვლელი არ არის ქვეითისთვის და ის იძულებულია გადავიდეს ისეთ ადგილზე, სადაც საფრთხეს თავის თავსაც უქმნის და მძღოლსაც.

ამიტომ ეს კომბინირებული პრობლემაა, ამაზე ვერ იზრუნებს ვერავინ სახელმწიფოს გარდა. ზებრას ვერ დახაზავს არასამთავრობო ორგანიზაცია ან მოქალაქე.

ზიარპასუხისმგებლობა რა არის? სახელმწიფოს ევალება მოაწყოს უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ჩვენ გვევალება გამოვიყენოთ ეს გზა უსაფრთხოდ.

აი ეს არის მთავარი, თანამშრომლობა სექტორებს შორის და რა საკვირველია, ცნობიერების ამაღლება, სხვა შემთხვევაში ერთ ადგილს ვტკეპნით,“ – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g