LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მჟავანაძე: „ერთხელ დედაჩემმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რად გინდა ეს გოგო, საბანი გარეთ რომ გაფინოს, მას გადაჰყვებაო…“

177
ეკა-მჟავანაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ეკა მჟავანაძე, რომელმაც გადაცემაში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ეკა მჟავანაძე:

24-25 წლის ვიყავი, როცა ყველაფერი შეიცვალა. დავიბადე, გავიზარდე ბარნოვზე. მამა იყო „მარჯანიშვილის თეატრის“ დირექტორის მოადგილე. მამა ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. მე საკუთარ თავს არ ვაძლევდი უფლებას, კულისებში შევსულიყავი. ეს ყველაფერი ზღაპრის სამყარო იყო. როცა თეატრში მივედი, ისეთი დასი დამხვდა, ისინი ქმნიდნენ ეპოქას. მაშინ სულ ორი-სამი დრამატული თეატრი იყო. ის ადამიანები ჩემთვის იყვნენ „ღმერთები“. ახლოს ვიყავი ლენა ყიფშიძესთან, ჩვენ ვმეგობრობდით. მან განაახლა „ძველი ვოდევილები“. მასწავლიდა გრიმის გაკეთებას. დიდი ოსტატი იყო.  90-იან წლებს ვიხსენებ, როცა საქართველოში გაჭირვება იყო.

მამა წინააღმდეგი იყო ჩემი სამსახიობო კარიერის, არადა, მან მომწამლა ამით. გამოცდების პერიოდში ყველას ავუკრძალე მოსვლა. რუსთაველზე არ დაგინახო-მეთქი, მამას ვუთხარი. მახსოვს, ერთ-ერთი გამოცდიდან რომ გამოვედი, ოპერასთან, მამა ხის უკან იდგა. ბავშვობაში სულ ვთამაშობდი, ხან პედაგოგი ვიყავი, ხან – დედა. ჩემთვის არავის ეცალა, უბნის ბავშვებს კონცერტებს ვუმართავდი. სულ მეუბნებიან, კომუნისტური წყობა როგორ გენატრებაო, მე ის კი არ მენატრება, მენატრება ბავშვობა, ახალგაზრდობა, სტუდენტობა, რომელიც არასდროს დაბრუნდება. მაშინ გავჩნდი, რა ჩემი ბრალია.

გიგა ლორთქიფანიძის გუნდში მოვხვდი, ბრწყინვალე კოლექტივი იყო, სულ სიცილი იყო, მხიარულება, ყველა კარგ დროს ატარებდა. მამა პირველ კურსზე რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა. და ბოლოს მითხრა, აი, ახლა გჭირდებოდიო შენ მეო. ასე დავრჩი მარტო, იმიტომ, რომ დედა ექიმი გახლდათ, ირგვლივ ხელოვანი არავინ იყო. ძალიან ბევრი დარტყმა მივიღე, გულის ტკენა და ამიტომ, ჩემს შვილებს ავუკრძალე ამ პროფესიის არჩევა.

1989 წელს თქვენ მიიღეთ ჯილდო „საუკეთესო ქალის როლის“ შესრულებისთვის.

ეს იყო მედეა კუჭუხიძის დადგმა, „აფინა გენოვის შიში“, საოცარი ვარსკვლავთცვენა იყო. თამაშობდა ბატონი ოთარი, ქალბატონი გურანდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო… ჩემი გმირი იყო პატარა გოგონა, სახელად ნატაშა, ამ როლმა მომიტანა წარმატება. 9 აპრილს უნდა მიმეღო ჯილდო, ჰოდა, გათენდა ეს ავბედითი 9 აპრილი და დავრჩი ასე…

პირველი სერიოზული როლი…

ეს იყო წინა სადიპლომო სპექტაკლი, „ჟანა დარკი“, სადაც ჟანას როლი ვითამაშე. მახსოვს, ვიღაც ქალი დედაჩემთან მივიდა და ჰკითხა, ღამე როგორ სძინავს ამ სპექტაკლის შემდეგო. მართლაც, ძალიან განვიცდიდი. დედა განსაკუთრებულად არ შემაქებდა ხოლმე, მაგრამ სულ ჩემ გვერდით იყო. დედა მეხმარებოდა შვილების გაზრდაში. ყველაფერს დედა აკეთებდა . ერთხელ ჩემს მეუღლეს უთხრა, რად გინდა ეს გოგოო, საბანი გარეთ რომ გაფინოს, მას გადაჰყვებაო. ჩემი მეუღლე ჩემზე 10 წლით დიდია. მას ქორწინებამდე დიდი ხანი ვიცნობდი. ჩემი დის მეგობარი იყო. პატარად აღმიქვამდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. მიტინგებზე ერთად სიარულმა დაგვაახლოვა.

როლის გამო გულის ტკენა თუ ყოფილა და როგორ გახდით „ქასთინგ-მენეჯერი“?

აი, დეფიციტი რომ მქონდა ხოლმე თამაშის თეატრში და დღესაც მაქვს. გულისწყვეტა მაქვს, დიახ, სამაგიეროდ, სხვა რაღაცაში გამიმართლა. არ ვარ მოცლილი, ვაკეთებ ბევრ საქმეს, ვმუშაობ კინოში და ეს ძალიან მომწონს. ჩემი პირველი სერიალი კვირაში ერთხელ გადიოდა ხოლმე. მას „საპონი“ ერქვა. იქ ბევრი ახალგაზრდა იყო და მე ვეხმარებოდი ხოლმე. ჩემდა უნებურად მოხდა ეს. შემდეგ იყო ტელეკომპანია „მზეზე“ „ბიჭები და გოგონები“, საუცხოო პერიოდი იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი გვყავს. ზოგადად, სხვადასხვა პრინციპია თამაშის თეატრშიც, სერიალშიც და კინოშიც.

„ჩემი ცოლის დაქალებზე“ გვესაუბრეთ…

„ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ მივდიოდი რეგიონებში და ვეძებდი მსახიობებს, საჭირო ტიპაჟებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მე მომყავს მსახიობები, მაგრამ რეჟისორი ამტკიცებს როლზე. „ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის არის მთელი ჩემი ცხოვრება, რომელმაც მე დიდი გამოცდილება მომცა. მოვიარე მთელი საქართველო. ამ სერიალმა ამოატრიალა მთელი ქართული ტელესივრცე. ჩემ კოლეგებს დღემდე აჩერებენ ქუჩაში კითხვით, როდის გაგრძელდებაო.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ისევ კინოსამყაროში იგეგმება ჩემი საქმიანობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები