გადაცემის სტუმარი ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე იყო. საუბარი მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის გარშემო წარიმართა.
– ეკა, პირველ რიგში გაბედნიერებას გილოცავ…
– დიდი მადლობა ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის.
– ცხელი ზაფხული დაგემთხვა, მოახერხე დასვენება?
– კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯერ თაფლობის თვე მქონდა და შემდეგ დავქორწინდი და ოფიციალურად გავაფორმეთ ჩვენი კავშირი.
– ჩემს ეთერში დაახლოებით 7-8 თვის წინ იყავი. მაშინ უკვე შეყვარებული იყავი?
– კაი ხანია შეყვარებული ვარ, კი ვიყავი.
– როგორი იყო შვილების რეაქცია?
– ჩვენ ერთად გვყავს 5 შვილი, 2 მე და 3 ბუკას. ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა თითოეულ მათგანს. ძალიან გაუხარდათ და ჩვენც გაგვიხარდა, რადგან შვილების რეაქცია უპირველესია. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და ჩვენ ერთი დიდი და ლამაზი და ძალიან ბედნიერი ოჯახი ვართ. დამალვას აზრი არ აქვს, ძალიან ბედნიერი ვარ.
– სიყვარული როგორ აგიხსნა?
– არ მიყვარს ამაზე საუბარი, იყო ღამე მესიჯობებიც და ყველაფერი ის, რაც შეყვარებულებისთვის არის დამახასიათებელი. მე კი ვთვლი, რომ ეს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორიაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ასე ფიქრობს. დიდი სიყვარულია, დიდი ურთიერთპატივისცემაა და ბედნიერებაა, როდესაც გვერდში გყავს ადამიანი, რომელიც შენი განუყოფელი ნაწილია, როდესაც ყველას უხარია გარშემო შენი კარგად ყოფნა და გიხარია გათენება, იმიტომ, რომ ახალი დღე იწყება იმასთან ერთად, ვინც შენ გიყვარს და ღამდება იმასთან ერთად, ვინც შენი ყველაფერია.
– ეკა, რამდენი წლის ხარ?
– 43.
– შვილები?
– ჩემი ანა 24-ის, მაკო – 22-ის, ბუკას შვილებიც ასე, 24-ის, 19-ის და უმცროსი 10-ის.
– როგორ უთხარი შვილებს ეს ყველაფერი?
– ძალიან ჩვეულებრივად. ჯერ მე და ბუკამ ვილაპარაკეთ, რომ დრო იყო ბავშვებისთვის გვეთქვა. მე ჩემებს ვუთხარი, ბუკამ თავისებს და შემდეგ ყველანი ერთმანეთს შევხვდით და ისე წავიდა საქმე, როგორც გვინდოდა. ბუნებრივიც იყო, არ შეიძლება ადამიანების ბედნიერება არ გიხაროდეს და არ გადმოგედოს.
– ამ ყველაფერმა იმსხვერპლა შენი კარიერა…
– ვერ ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერმა. არ შეიძლება ამის ოფიციალური მიზეზი ის იყოს, რომ გავთხოვდი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ცოლი გავდი. ამას უნდა სერიოზული არგუმენტი და ამ ეტაპზე არგუმენტის მოფიქრება არის რთული. ძალიან საკვირველია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან ტელევიზიასთან კავშირში, ხვდებიან ტელევიზიაში. ამ ყველაფრის უკან ის ადამიანები დგანან, ვინც ცდილობს მედიის გაკონტროლებას და ეს კარგად ჩანს. ყველაფერი ამაზე მეტყველებს და მე ძალიან ვწუხვარ. ასეთი შეცდომები ბევრმა ხელისუფლება დაუშვა და მათთვის ძალიან დასრულდა. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ტელევიზიებზე, ზოგადად მედიაზე ვამბობ, რომელთანაც უნდა მეგობრობდე.
– რა გითხრეს მიზეზად?
– რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სავარუდოდ ეს არის მიზეზი. ჩემი 25 წლიანი კარიერის განმავლობაში ისე მოვედი აქამდე, რომ არცერთ პოლიტიკოსს ან მედიასაშუალებას არასოდეს მიკერძოებულობაზე შენიშვნა არ მოუცია. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ იმიტომ დგება, რომ მე კონკრეტულ ადამიანს გავყევი ცოლად.
– ფიქრობ თუ არა, რომ უფრო პრივილეგირებული იქნებოდი, რამდენიმე თვით ადრე, ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციაში რომ არ წასულიყო?
– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მსგავსი მაგალითი ძალიან ბევრია. მე მივიღებ შენიშვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში შემჩნეული ვიქნებოდი ტენდენციურობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ პატივს არ სცემ ჟურნალისტიკას.
– კონკრეტულად ვინ გითხრა, რომ ამ გადაცემას ვეღარ წაიყვანდი?
– ბასა ჯანიკაშვილი იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გაბედა და ეს სისულელე თქვა.
– გაბედნიერება მოგილოცეს?
– კი, რა თქმა უნდა, თავად გიორგი ბარათაშვილმაც მომილოცა. სწორედ ამის მერე დაიწყო საუბრები გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით. ყველას გაუხარდა ჩემი ბედნიერება, ერთი ორი ადამიანის გარდა, ამაზეც ჩემი ეჭვი მაქვს.
– რა გითხრა მეუღლემ, როდესაც გადაცემის დახურვის შესახებ გითხრეს?
– ძალიან შეწუხდა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ იცის, რას ნიშნავს ჩემთვის ეს საქმე, თუმცა, ჯერ კიდევ გვაქვს იმ ადამიანების გონიერების იმედი, ვინც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ გადაცემა დაბრუნდება ეთერში.
– დავუბრუნდეთ ქორწილს. ვიწრო წრეში აღნიშნეთ?
– კი, მხოლოდ ჩვენი უსაყვარლესი ადამიანები ესწრებოდნენ ცერემონიას. ძალიან ბედნიერად ჩაიარა ამ დღემ.
– თაფლობის თვე სად გაატარეთ?
– საბერძნეთში, ულამაზეს ადგილას.
– ცალკე ცხოვრობთ?
– კი, ძალიან გვინდა, რომ შვილები ჩვენთან იყვნენ, მაგრამ მათ უკვე დამოუკიდებლობა ურჩევიათ.
– ამოჩემებული ადგილი თუ გაქვთ, სადაც ხშირად დადიხართ?
– მეგობრები მოდიან ჩვენთან და ჩვენც დავდივართ მეგობრებთან. ჩვეულებრივად, როგორც ხდება ხოლმე.
– პოლიტიკაზე თუ საუბრობთ ხოლმე?
– არა, სიმართლე რომ გითხრათ, ტელევიზორსაც არ ვრთავთ სახლში.
– წარმატებებს გისურვებ.