მოლების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ შეუძლიათ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა, რაც ფასდაკლების ელემენტარულმა აქციამ შეიძლება გამოიწვიოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.
მისი თქმით, შეზღუდვების დაწესებამდე, მთავრობას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ყველა იმ დარგის წარმომადგენლთან, ვისაც შეზღუდვები შეეხო.
“მიღებულია გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება. მოლების წარმომადგენლებმა ეპიდემიოლოგების არგუმენტები მოისმინეს და ჩვენ მათი პრობლემები გავითვალისწინეთ. ზოგადად, ეს მათი პრობლემა არ არის, ეს არის ეკონომიკის პრობლემა. ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში, 24 დეკემბრიდან ივაჭრონ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი ახერხებენ პროცესის მართვას, როგორც უშუალოდ მოლის ტერიტორიაზე, ასევე გარეთა პერიმეტრზე, რიგების მართვის თვალსაზრისით. სურათი, რაც ჩვენ შეზღუდვებამდე ერთი დღით ადრე ვიხილეთ, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ უკეთ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფასდაკლების აქციამ გამოიწვიოს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, თუ რატომ მიიჩნევა მთელს მსოფლიოში, რომ მოლები, რესტორენები არის მიზიდულობის ცენტრი და ადამიანების დიდ მობილობას ქმნის.