ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტეკ – კომპანიის “Revolut” წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში ფინტექ-ტექნოლოგიების სექტორის განვითარების კარგ შესაძლებლობებზე, ამისთვის ხელსაყრელ ნორმატიულ ბაზაზე, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე საქართველოში რეგიონული მასშტაბის ფინტექ-ჰაბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის, საფინანსო ინოვაციური პროდუქტების შექმნას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება საქართველოში ინოვაციური ბიზნესების შემოსვლას და მათ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას, აგრეთვე ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მარტივად, ნაკლები დანახარჯებით და უსაფრთხოდ სხვადასხვა საფინანსო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
ამასთან, უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალური ფინანსური აპლიკაცია Revolut, რომელსაც ჰყავს 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში, საქართველოში მომავალ წელს გამოუშვებს აპლიკაციის გამარტივებულ ვერსიას. ითქვა, რომ გამარტივებული აპლიკაცია გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ემიგრაციაში წასული ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ასევე ადგილობრივ ფინტექ – ბაზარზე არსებული ვითარება და საქართველოს, როგორც პოტენციური ტექნოლოგიური ჰაბის, განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.