დღეს, ისრაელის ნაციონალურმა ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინსი“ თელ – ავივი – თბილისი – თელ – ავივის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. ფრენები ყოველ სამშაბათს Boeing 738/739 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
ავიაკომპანიის პირველი რეისის აღსანიშნავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ტავ ჯორჯიას მენეჯმენტი, „ელ ალ აირლაინსის“, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქაერონავიგაციის ხელმძღვანელობა და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
2016 წლის დასაწყისში, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის ტავ ჯორჯიასა და ისრაელის ნაციონალური ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინს“ შორის დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. თბილისის მსგავსად, „ელ ალ აირლაინს“ თელ – ავივის მიმართულებით ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც ასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ – ავივის მიმართულებით ფრენებს „ელ ალ აირლაინს“ გარდა, „აირზენა“ „არკია“ და „ისრ აირი“ ასრულებენ.
ისრაელის ნაციონალური ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინსი“ რეგულარულ სამოქალაქო რეისებს 1948 წლიდან ახორციელებს. დღეისთვის, ავიაკომპანიის ავიაპარკი 40 სხვადასხვა მოდიფიკაციის ბოინგისაგან შედგება, რომლებიც რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპის, სამხრეთ ამერიკის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით ასრულებენ.