არქიტექტორი, დიზაინერი ელენე ცერცვაძე სოციალურ ქსელში იპოდრომის შესახებ მოსაზრებას გამოთქვამს, სადაც, როგორც იცით, თბილისის ცენტრალური პარკი კეთდება.
ელენე წერს:
„2020 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერმა იპოდრომზე „ცენტრალ პარკის“ მოწყობა დაგვიანონსა. გვითხრეს, ტერიტორიის ნაწილი მფლობელმა გაჩუქათ და ამასთანავე, ზემოთ ხსენებულ ნაქველმოქმედარ მიწაზე ჰოლანდიური კომპანიის პროექტის მიხედვით სამუშაოებიც განხორციელდებაო. მერე რამდენიმე რენდერიც გვაჩვენეს და სივრცეების კორიანტელიც ჩამოგვითვალეს, რომლებიც უნდა განლაგდეს იპოდრომზე.
ისე გამოვიდა, რომ თბილისში მოეწყობა ამერიკული პარკის დასახელების, მაგრამ არა შინაარსის პარკი.
დავიწყოთ იმით, რომ „ცენტრალ პარკი“, „პიაცას მოედანი“, „ეიფელის კოშკი“ და „სინგაპურის ცათამბჯენი“ არაფერს ემსახურება, პოპულიზმის გარდა. რა ფენომენია სხვაგან არსებული ობიექტების სახელების და მათი ფორმების გადამღერება? რატომ უნდა დავარქვათ პარკს „ცენტრალ პარკი“, თუ იგი უკვე წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში ორგანულად გათავისებულ სახელს ატარებს, რომელიც მის ისტორიასა და შინაარსსაც სრულიად წარმოაჩენს. რას გვაძლევს ეს მიმბაძველობა?
მაგრამ, ნეტავ სახელის გარდა არაფერი იყოს სადარდებელი.
პროექტში ვნახულობთ, რომ მოაწყობენ იაპონური ბაღის სივრცეს, რესტორნის სივრცეს, ბელვედერის სივრცეს, ამფითეატრის სივრცეს, სასეირნო სივრცეს, ტბის სივრცეს, მედიათეკის სივრცეს, სპორტულ სივრცეს, ძაღლების სივრცეს, პარკინგის სივრცეს, სივრცის სივრცეს და ისე გამოდის, რომ იპოდრომზე სინამდვილეში აღარაფრის სივრცე აღარ დარჩება? მოკლედ, წარმატებულად დავაგეგმარეთ სივრცე, რომელიც ადამიანთათვის ისედაც თავისთავად წარმატებულად დაგეგმარებულ სივრცედ ითვლებოდა. გვაინტერესებს, პროექტირებისას ვერავინ შენიშნა ეს ელემენტარული რამ? ის უმარტივესი უნარი არ აღმოჩნდა არსად, რომ საპროექტო ტერიტორიის შინაარსი მაინც გაეგოთ?
ნამდვილი „ცენტრალ პარკის“ მთავარი კონცეფცია ხომ ზუსტად ბუნებრივი ლანდშაფტის და ნაკლები ხელოვნური ჩარევის შესანიშნავი მაგალითია და ამ სრულებით საპირისპირო მახასიათებლით შედგენილ პროექტს რისთვის დაარქვეს ეს მოპარული სახელი?
რატომ უნდა გადაიქცეს იპოდრომი ბრეინშტორმინგზე ჩამოყრილი იდეების მოედნად?
ფოტოებზე ხედავთ ნიუ იორკის “ცენტრალ პარკს” და თბილისის “ცენტრალ პარკის” რენდერს“.