„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზაჰესის იზოლატორიდან განცხადებით ეხმაურება.
როგორც ელენე ხოშტარიას აცხადებს, ის გირაოს არ გადაიხდის. ხოშტარიას სიტყვებითვე, ვინმეს მიერ მისი გირაოს შეტანა იქნება მისთვის გულში დანის ჩარტყმა და ამის უფლებას არავის აძლევს.
„დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.
გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით.
გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!
PS: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“, – აღნიშნულია ელენე ხოშტარიას წერილში.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს. ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.
აღნიშნულით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა მარიამ წულაიამ სხდომაზე განაცხადა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ბრალდებული არაერთხელ არის ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო.
განცხადება ზაჰესის იზოლატორიდან: დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვენლობის არის,…
Posted by Helen Khoshtaria on ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025