2016 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 719 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,3% (61 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (658 მილიონი კვტ/სთ).
კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 3,4% (18,4 ათასით) ზრდამ გამოიწვია.
როგორც ”ფორტუნას” ”თელასიდან” აცნობეს, 2016 წლის იანვარ-მარტში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10,4%-ით (64,6 მილიონი კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 685 მილიონი კვტ/სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 874 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (220 კმ-ით) აღემატება 2015 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (4 654 კმ).
”თელასის” ცნობით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
სს „თელასი“ ელექტროენერგიას აწვდის თბილისის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. კომპანია 2003 წლის აგვისტოში „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა, რომლის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.