პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფილოსოფოს ლევან ბერძენიშვილის განცხადებას მეფე ერეკლე მეორეს მოღალატეობრივ საქციელთან დაკავშირებით, საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ „საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიც არის, რომ ისტორია სუფრაზე გაგებული ამბებით ვიცით და ამის შედეგია, რომ ვისაც არ ეზარება, გაივლის, გამოივლის და ერეკლე მეფეს წამოუტყაპუნებს.“
პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ელისაშვილმა თქვა:
„მინდა, ამ ტრიბუნიდან ერეკლე მეფეზე ვთქვა, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში, ძალიან გულდასაწყვეტ ტენდენციას ვადევნებ თვალს. ერთის მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი წარსული კრიტიკულად უნდა გავიაზროთ და ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიც არის, რომ ისტორია სუფრაზე გაგებული ამბებით ვიცით და სკოლაში თარიღებს რომ გვაზეპირებინებდნენ ისე, რომ არც კონტექსტს გვიხსნიდნენ და არც პროცესს ვიაზრებდით.
ამის შედეგია, რომ ვისაც არ ეზარება, გაივლის, გამოივლის და ერეკლე მეფეს წამოუტყაპუნებს. ჯერ როგორ ბედავენ ამას. ერთია, რომ გაიაზრო და კრიტიკულად შეაფასო და მეორეა, რომ ასეთი მძიმე იარლიყები არ მიაწებო და ასეთი შეურაცხყოფა არ მიაყენო იმ წინაპარს, რომელიც მთელი ცხოვრება ხმლით ხელში იბრძოდა.
15 წლის ბიჭი იყო, როდესაც ერეკლემ პირველი ბრძოლა მოიგო და მტერი პირისპირ დაამარცხა. და იმის შემდეგ, მას ხმალი არ ჩაუდია. უვიცობასთან და რეგვენობასთან რომ არ გვქონდეს საქმე, სხვა როგორ შეიძლება თქვა, რომ ერეკლე მეფემ სახელმწიფო რუსებს ჩააბარა. ელემენტარული, უნდა წაიკითხო გეორგიევსკის ტრაქტატი. იქ არსად წერია, რომ სადმე რამეს ვაბარებდით.
და მეორე, რუსეთმა საქართველო არა გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით დაიპყრო, არამედ 1801 წელს სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და ისე გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო გააუქმა. ასე რომ, ჩვენი წარსული კრიტიკულად გავიაზროთ, მაგრამ უვიცობას ნუ გამოვავლენთ და ჩვენს წინაპრებს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ.“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილმა თქვა: „სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის, ომი გინდათ? ერეკლემაც იგივე თქვა. ვინ მისცა იმის უფლება, რომ მთელი საქართველო რუსეთს ჩააბარა, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა?“
