მეტისმეტი ზიგზაგები გამოუვიდა შალვა ნათელაშვილს. მთელ ოპოზიციას ასე გამოგვივიდა ბოლო პერიოდში, მაგრამ მას განსაკუთრებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ნათელაშვილი მთელი ერთი წელი გვლანძღავდა ჩვენ ვინც პარლამენტში შევედით და ამბობდა ერთადერთი ერთადერთი პრინციპული მე ვარო. ბოლოც ახლახან, თქვა უნდა შევიდეო, ფეისბუქში გამოკითხვა ჩავატარე და ხალხი მეუბნება შედიო.
ეს გადაწყვეტილება მან მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ თუ არ იტყოდა პარლამენტში შემოსვლას ვაპირებო და განცხადებას არ დაწერდა, შეუწყდებოდა დაფინანსება.
ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. როდესაც თქვა შემოვალო, გუშინ, მანდატი გაუუქმდა. მეც მივეცი ხმა მისთვის მანდატის გაუქმებას. ამის შემდეგ ნათელაშვილი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტი დატოვეთ ყველამ და ქუჩაში გამოდითო. სამჯერ პოზიციის ცვლილება მოხდა სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში და ბოლო ორი პოზიციის ცვლილება ორ დღეში მოხდა. ეს არის არასერიოზული და შალვა ნათელაშვილისთვის დამახასიათებელი ზიგზაგები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.