LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „ქვეყანა იარაღით უნდა დავიცვათ.. აბა, რისთვის არსებობს სპეცრაზმი, მარტო ბიძინა ივანიშვილი რომ დაიცვან? გინტური რომ მოგვიკლეს, წადი და ქეჩოში მოჰკიდე ხელი, ოთხოზორიას მკვლელები ჩამოათრიე და ციხეში ჩასვი“

194
ალეკო ელისაშვილი

„ჩვენი სახელმწიფო უნდა გავაძლიეროთ და არ უნდა იყოს ისეთი ბეჩავი, როგორიც არის. თავდაცვა და უსაფრთხოება მისახედია. „ქართული ოცნებისთვის“ ჯარი სოციალური პროექტია, მარტო ხელფასებს აძლევენ და მორჩა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ, ერთადერთი მშვიდი მეზობელი შავი ზღვაა, ისიც ხანდახან თავს გვესხმის, როცა ღელვაა.. არ შეიძლება ასე არხეინად ვიყოთ“ – ალეკო ელისაშვილი 

ალეკო ელისაშვილის თქმითვე, „დღეს ჩვენი სახელმწიფო სამარცხვინო მდგომარეობაშია“.

„ეს არის სირაქლემას პოზიცია, წაყრუება. სიბეჩავით გვინდა, რომ ფონს გავიდეთ. ჩვენს დაუკითხავად ადამიანებს გვიკლავენ, გვიწამებენ. სამხედრო პორტი ოჩამჩირეშია, რაც მართალია, მართალია. იქ არის „ეფესბეს“ სასაზღვრო კატარღების პორტი. 90-იანი წლებიდან შეინარჩუნეს და მერე განავითარეს, უბრალოდ მისი გადიდება და გაფართოება უნდათ..

ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გამოდის და ამბობს: „საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე ლიბერალიზმიაო“. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ვცხოვრობთ? რუსი ჯარისკაცი და შეიარაღებული სეპარატისტები რომ ხალხს გვიკლავენ, ის არ არის პრობლემა? აგერ, შუაგულ ქართლში და აფხაზეთში რომ არიან შემოჭრილები. ახლახან ვკითხულობდი, ორ წელიწადში თბილისის ცას დავიცავთო. 11 წელია ხელისუფლებაში არიან, სად იყვნენ აქამდე?

თბილისის ცა, ისე იძახის, თითქოს, ტოკიო იყოს და 20 მილიონი კაცი ცხოვრობდეს. რა უნდა თბილისის ცის დაცვას? არ მინდა კიდევ ლაპარაკი. არასერიოზული რაღაცების ყიდვას აპირებენ და იძახიან, რომ დაიცავენ. სრულად ვერ დაიცავენ, ის არ არის სტრატეგიული რაღაცები, რის ყიდვასაც აპირებენ.

ესენი არიან გასაშვებები. გინტური რომ მოგვიკლეს წადი და მოჰკიდე ქეჩოში იმას ხელი, ოთხოზორიას მკვლელები მიდი და დააპატიმრე, ჩამოათრიე და ციხეში ჩაასვი. ტატუნაშვილის მწამებლები რომ დადიან ლაღად და ბედნიერები რომ არიან, მოჰკიდე კისერში ხელი. აბა რისთვის არსებობს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური? აბა, რისთვის არსებობს სპეცრაზმი, რომ მარტო ბიძინა ივანიშვილი დაიცვან? რომ ბიძინა ივანიშვილს ეძინოს მშვიდად?

თამაზ გინტური ამ ქვეყნის მოქალაქე არ იყო? წადი, მოკიდე ხელი ქეჩოში, ჩასვი ციხეში და აჩვენე, რომ დაიჭერ და რეაქცია გექნება ყველაფერზე. მაგრამ ასე რომ ხარ, ხმას არ იღებ და ვითომ არაფერი მომხდარა. გული გამისკდა სირცხვილისგან ისეთი განცხადება გაავრცელა სუს-მა – რუსების გასროლილი ტყვიით გარდაიცვალაო. იქ პატრიოტი და ვაჟკაცი ხალხი მუშაობს.

ვიცი, რომ ისინიც ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, ბევრს ხელები ექავება, რომ მართლა ის საქმე გააკეთონ, რისთვისაც არიან. მარტო ბიძინა ივანიშვილი არ დაიცვან, მარტო მის უსაფრთხოებაზე არ იზრუნონ და ოპოზიციას არ დასდევდნენ. ეს არის სამარცხვინო, როდესაც ამის თქმაც არ შეგიძლია.

რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელსაც რაც უფრო გაუწვები, უფრო კმაყოფილი იქნება. რაც უფრო გაუწვები, უფრო დაგაჭერს იმ ჩექმას. რუსეთი ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევს, სხვას არაფერს. იარაღით [უნდა დავიცვათ] აბა რისთვის არსებობს სახელმწიფო? ვერ უნდა გიბედავდნენ, იმან უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად კბილებში მოხვდება.

ჩვენი ერთი პრობლემა ქედმაღლობაა, ოსებს და აფხაზებს არ ველაპარაკებით თანაბრად. მიგვაჩნია, რომ ესენი რაღაც ჩანჩურები არიან, ამათ რა უნდა ველაპარაკოთ, თუ რამე რუსებს დაველაპარაკებით. ეს ძალიან არასწორი პოლიტიკაა“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი: „მეომრული ჟინი არ გვაკლია, მაგრამ ებრაელებს განვასხვავებ სხვებისგან, რადგან ზუსტად იციან ომის შემთხვევაში რას აკეთებენ – რეზერვისტები სააკაშვილის დროს წაგვიყვანეს ნახირივით, დაღებული გვქონდა პირი, დავდიოდით ბატებივით“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები