LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელოდებიან, როდის აგიცდება ფეხი და შეგეშლება რამე“ – მანიკა ასათიანი მეუღლის გარშემო ატეხილ სკანდალზე

24

გადაცემის სტუმარი მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი იყო. საუბარი მისი საქმიანობისა დ აპირადი ცხოვრების შესახებ წარიმართა.

მანიკა, როგორ იწყება შენი დილა?
– ჩემი დილა იწყება 6 საათზე, ჩვეულებრივი დილა მაქვს, უბრალოდ სულ ვჩქარობ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ვიხანგრძლივებ ძილის დროს. წინა საღამოს ვიმზადებ ტანსაცმელს, რათა ოთახში მყოფი საზოგადოება არ გავაღვიძო ზედმეტი ხმაურით.

რა არის შენი ნამდვილი სახელი?
– მარიამი. სხვათაშორის ბევრი ვერსია გამიგია ჩემი სახელის შესახებ, მაგრამ მანიკას ჩემი და მეძახდა, რომელიც რ-ს ვერ წარმოთქვამდა ბავშვობაში, ასე რომ, მადლობა მას, რომ ერთადერთი მანიკა ვარ საქართველოში.

სამოდელო სფეროში დიდი ხანია ხარ. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მოდელის კარიერა თუ ტელეწამყვანობა?
– ამ ეტაპზე ორივეს ვახერხებ და ვასწრებ. უბრალოდ სამოდელო საქმე უფრო ჰობია, ჟურნალისტიკა ჩემი პროფესიაა და ამ საქმეს მუდმივად გავაკეთებ. მოდელობას სერიოზულად რომ გავყოლოდი, საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი.

რატომ არ გაყევი?
– იმიტომ, რომ მყავს ოჯახი, საკმაოდ ადრე, 17 წლის ასაკში გავთხოვდი, მყავს გიო. არანაირ შემოთავაზებად არ მიღირს მისი დატოვება. თავი რომ არ დამემკვიდრებინა საზოგადოებაში, ალბათ რამეს ვიზამდი, მაგრამ ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.

თავიდან იყავი „რუსთავი 2“-ზე…
– კი, 15 წლის ასაკში დავიწყე იქ მუშაობა, შემდეგ გავაჩინე ბავშვი და ავიღე პაუზა, ამის მერე „მაესტროს“ შუადღეში დავბრუნდი და რაღაც პერიოდის მერე იყო „იმედი“. 24 წლის ასაკისთვის საკმაო გამოცდილება მაქვს (იცინის).

– და მაინც, პოდიუმი თუ ეკრანი?
– კომფორტულად რომ არ ვიყო რომელიმე მათგანზე, არ გავაკეთებდი. ვგრძნობ, რომ პოდიუმიც ჩემი სფეროა, თუმცა ტელევიზიაზე პოდიუმის გამო უარს ვერასოდეს ვიტყვი და პირიქით შეიძლება. მგონია, რომ ეკრანისთვის დავიბადე. იმდენად კარგად ვარ, რომ ცოტა მეშინია ჩემს კარიერას მიმართულება შევუცვალო. არ მინდა ჩარჩოებში მოვექცე. ახლა არ ვარ შეზღუდული არაფერში.

– ანუ პოლიტიკურ გადაცემას ვერ წაიყვან?
– ვერ არა, უბრალოდ ჯერ-ჯერობით არ მინდა ჩემი ასაკი და სილაღე დავკარგო და შევზღუდო. ჩემი პლუსი ის არის, რომ რაც ვარ ცხოვრებაში, ის ვარ ეკრანზეც.

დედობას როგორ ახერხებ?
– გარშემო გიჟი დედის სახელი მაქვს (იცინის). ვცდილობ, გიოსთვის დრო გამოვნახო, ბევრი საქმე მაქვს ყოველდღიურად, მაგრამ ვახერხებ, რომ 6-მდე ყველა საქმე მოვილიო და ბაღიდან გამოსული ჩემი შვილი ჩემთან იყოს. თუ შანსი მაქვს სადმე წავიყვანო, აუცილებლად მიმყავს. არ მინდა, რომ დედის დეფიციტი ჰქონდეს და ვერც ვიტყვი, რომ აქვს.

მზარეულობა თუ გეხერხება?
– კი, რა თქმა უნდა. ძირითად შემთხვევაში შეიძლება არ მიწევდეს კეთება, მაგრამ ყველაფერი ვიცი ფანტასტიურად. კარგი ხელი მაქვს, თავადაც გურმანი ვარ და გემრიელიც გამომდის. არ მეგულება რამე, რისი მომზადებაც არ ვიცი. რეალურად, გიოსთვის სულ მაქვს ამისი დრო.

– რამდენად ხშირად ერევიან ჟურნალისტები შენს ცხოვრებაში და დაუწერიათ თუ არა ისეთი რამ, რაც არ მოგწონებია?
– ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. არ ხდება ჩემს გარშემო ინტრიგები. ფორმულირება შეიძლება შეცვლილი ყოფილიყო ჩემი ნათქვამიდან, მაგრამ ისეთი არასოდეს არაფერი მითქვამს, რომ ძალიან ეპატაჟური გავმხდარიყავი.

სკანდალებში რამდენად ხშირად გახვეულხარ?
– შენც ხომ გაქვს შეხება ამ სფეროსთან და გახსენდება რამე სკანდალი ჩემზე?

კი, ერთი.
– რომელი?

შენს მეუღლესთან დაკავშირებით…
ჰო, მაგრამ მაგას ვერ დავარქმევდი, რომ მომიგონეს ან დამაბრალეს. ქართველებს საერთოდ კრიტიკა გვიყვარს ძალიან და დავაკვირდი და მაგ ფაქტიდან გამომდინარეც მივხვდი, რომ ელოდებიან, როდის აგიცდება ფეხი და შეგეშლება რამე. რეალურად ძალიან მეტკინა და მეწყინა, რომ ათასობით ადამიანი არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და რაც იყო და არ იყო, ამბობდნენ, მაგრამ მე ავირჩიე, რომ ბექას ტელევიზიით გამოსვლა ვთხოვე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულიყო.
შემეცოდა ჩემი თავიც, მეუღლეც და ოჯახიც ამ პერიოდში. ვისთვის პატარა და ვისთვის დიდი, მაგრამ ჩემთვის პატარა პრობლემა იყო. ხომ გააჩნია ვინ ხარ, რა გაგიკეთებია… არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ამის გამო რამე შეიცვალა უარესობისკენ. პირიქით, უფრო გავძლიერდით. არაჯანსაღი კომენტარები სულ გაძლიერებს, მითუმეტეს თუ მართალი ხარ. მე არ ვამბობ, რომ ცამდე მართლები ვართ. ადამიანს შეეშალა, მაგრამ იმ კომენტარებს, რაც მე ამოვიკითხე არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები არ იმსახურებდნენ. ვინც გვიცნობს, არ მგონია, რომ ასე ცუდად მიეღო ყველაფერი.

– ბექა დაუბრუნდა კალათბურთს?
– დიახ, შეიძლება ეს ბევრს არც უნდოდა, მაგრამ ბექა ისევ თამაშობს და წელს ბერვი გეგმა აქვს, სწორედ იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ბევრი რამე შეუძლია. არ ვამართლებ და არ ვამბობ, რომ არ შეშლია, მაგრამ, რაც საზოგადოებამ გააკეთა, ამის ღირსი ნამდვილად არ იყო.

ხალხის ბრალი იყო თუ ჟურნალისტების?
– აუცილებლად ხალხის, არ მინდა ამისი თქმა, მაგრამ ალბათ სხვა საქმე არ ჰქონდათ, როდესაც ამ ამბავს ავრცელებდნენ. კომპიუტერებთან ისხდნენ და აკრიტიკებდნენ ადამიანს, რომლის შესახებაც არაფერი არ იციან.

რომ არა შენ, ეს თემა ალბათ ასეთი აქტუალური არც იქნებოდა…
– რა თქმა უნდა, ამაზე მნიშვნელოვანი თემები არსებობს გარშემო. ვერავინ დამაჯერებს, რომ 0.4 გრამი ჰაშიშის გამო, რომელიც ნამდვილად ჰქონდა ბექას და თავისი ხელით გადასცა სამართალდამცავებს, ასეთი ამბები ატყდა. რაც დააშავა, იმაზე აგო პასუხი, 3 დღე ე.წ. „კაპეზეზე“ იჯდა და ღმერთისა და იმ მოსამართლის წყალობით, რომელიც აბსოლუტურად ობიექტური იყო, გადაწყდა, რომ ჩემი მეუღლე ციხეში არ წასულიყო.

ბევრჯერ მოგიწია ამ თემაზე თავის მართლება?
– მე ახლაც არ ვიმართლებ, უბრალოდ ვამბობ ჩემს სათქმელს. იმ ადამიანის ტვინამდე ვერასოდეს ვერ დავა, რომ ეს არ არის იმ დონის დანაშაული, როგორც მათ წარმოაჩინეს. მე მართალი ადამიანი ვარ და როცა რაღაც გეშლება, უნდა აღიარო და პასუხიც აგო.

როგორი იყო ის პერიოდი შენს ცხოვრებაში?
– ძალიან რთული იყო, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.

– შენ ზოგადად არ იცოდი ამ ფაქტის შესახებ?
– არა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი და არც ველოდი, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი. თუმცა იმ პერიოდში არ ვფიქრობდი ჩემს თავსა და განცდებზე, არამედ ვფიქრობდი ბექაზე, რომელიც არც ვიცოდი სად და როგორ იყო. იმ პერიოდში მომიწია ტელეეკრანებზე გამოსვლა, დილა არ გადავცვალე, სანამ საბოლოო პასუხი არ გავიგე. ღამეები არ მეძინა და ყველა გაიგებს ამას, ვისაც მეორე ნახევარი ჰყავს. სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიერი ადამიანი ვარ. ეთერში არანაირად არ ვიმჩნევდი ამ განცდებს, შეიძლება არ მეტყობოდა ერთი შეხედვით, მაგრამ ნაპერწკალი ნამდვილად ჩამქარალი მქონდა თვალებში.

მანიკა, რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– ეკრანზეც კარგად ვგრძნობ თავს და ზოგადად ბედნიერი ვარ იქ, სადაც გიო არის.

ვინ არის ადამიანი, რომელსაც გაიცნობდი და რა კითხვას დაუსვამდი მას?
– არ მყავს კუმირი. არასოდეს არავისზე, ჰოლივუდის ვარსკვლავზეც კი გართულება არ მქონია, შესაბამისად კითხვა არ მაქვს.

როგორია შეყვარებული მანიკა?
– 17 წლის გავთხოვდი, მანამდე ვიყავი დაბრმავებული, იმიტომ, რომ პირველად შემიყვარდა და წამერთვა ყველაფრის უნარი. პატარა ვიყავი და თავბრუ დამეხვია, ერთადერთი ინტერესი მქონდა, რომ ყველაფერი ბექასთან ერთად მეკეთებინა. მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. 7 წელია უკვე ერთად ვართ. შეყვარებული ცოტა ჯიუტი ვარ.

რამ შეიძლება გაგაბრაზოს?
– ტყუილმა. მეზიზღება, რომ მატყუებენ. ნებისმიერ ტყუილს წყობილებიდან გამოვყავარ. თუ განსაკუთრებით კეთილი და საჭირო ტყუილი არ არის, ძალიან ვბრაზდები.

რას ისურვებდი ცხოვრებაში?
– ჯანმრთელი იყოს ყველა ჩემს გარშემო და ყველა დედას შვილი ჰყავდეს ჯანმრთელად. მინდა ყველა მაქსიმალურად კარგად იყოს. ძლიერები ვიყოთ და არ დავყაროთ ფარ-ხმალი.

წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები