LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემიგრაციიდან დაბრუნებულმა საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიიღო სახელმწიფო გრანტი – სტატისტიკის დეტალები

152
1 ემიგრანტი

2022 წელს სახელმწიფო გრანტი საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულმა 200 მიგრანტმა მიიღო, 2020-2022 წლებში, ჯამში კი 600-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები გრანტს განცხადების გაკეთების საფუძველზე იღებენ, რეგისტრაცია კი წელიწადში 2-ჯერ ცხადდება. მათივე ცნობით, ყოველწლიურად სააგენტოში დაახლოებით, 400 განაცხადი შედის, საიდანაც საშუალოდ, 50% ფინანსდება, რადგან განაცხადების გარკვეული ნაწილი განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

„დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება წლის განმავლობაში ორ ეტაპად ცხადდება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ვადით იმყოფებოდნენ და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

1 წელიწადში ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი 50%-ით მეტ საქართველოს მოქალაქეს ეთქვა

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ანალოგიურად, 2021 წელსაც ქართველების მიერ საზღვრის 30 არალეგალური გადაკვეთა დაფიქსირდა.

განაცხადის შევსების შემდგომ, დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მონიტორინგის ჯგუფები ადგილზე ამოწმებენ. მონიტორინგის მიერ მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად კომისიას წარედგინება. საბოლოო გადაწყვეტილება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება, როგორებიცაა მაგალითად, მიგრანტის სოციალური მდგომარეობა, წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შესაძლებლობები და სხვ.

საქმიანობის გაფართოებისა და წამოწყებისთვის საჭირო ტექნიკასა თუ ინვენტარს დაბრუნებული მიგრანტები თავად არჩევენ. მაგალითისთვის, სააგენტო მიგრანტებს მინი ტრაქტორებს და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის დანადგარებს, მომსახურების სფეროსთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებსა და სახელობო იარაღებს შეუსყიდის,“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 650 000 ლარი გამოიყოფა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g