LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემოციურად ჩაიარა ნიუ-იორკში ჩვენმა პრემიერამ… 600 კაციან დარბაზში სრული ანშლაგი იყო, ქართველები საქართველოს დროშებით მოვიდნენ“ – ცუცა კაპანაძე

393
-2022-04-27_13-23-43_758312

24 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ცუცა კაპანაძე სტუმრობდა, რომელმაც ნიუ-იორკში არსებულ ქართულ თეატრზე და თავის საქმიანობაზე ისაუბრა.

 ცუცა, მომიყევი ნიუ-იორკში არსებული ქართული თეატრის შესახებ,

უკვე 26 წელია, რაც ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრი შეიქმნა. 2007 წელს, როცა მე და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი ნიუ-იორკში ჩამოვედით, გადავწყვიტეთ, ცენტრის ხელმძღვანელებს, ვიქტორს და ლიკას შევხვედროდით. მათ ვუთხარით, რომ ქართული თეატრის გაკეთება გვსურდა. იდეა ყველას მოგვწონდა, მაგრამ არ ვიცოდით, რა სპექტაკლი უნდა დაგვედგა, რადგან დასში ექვსი მანდილოსანი და მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო. შემდეგ გადავწყვიტეთ, ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ გაგვეკეთებინა. დავურეკეთ ბატონ ოტიას და ვუთხარით, რომ ამ სპექტაკლის დადგმა გვინდოდა, რა თქმა უნდა, დაგვთანხმდა. ისე მოხდა, რომ სპექტაკლის პრემიერისთვის მზადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს დაემთხვა. მოგეხსენებათ, მაგ პერიოდში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო საქართველოში. რეპეტიციების შემდეგ „გაეროსთან“ გავრბოდით, რომ გაგვეგო, რა ხდებოდა საქართველოში. გადავწყვიტეთ, აღარ გვეთამაშა ეს სპექტაკლი, რადგან არავის „ეთიეატრებოდა“, მაგრამ ძალიან ბევრმა ამერიკელმა მეგობარმა გვითხრა, რომ აუცილებლად უნდა გვეთამაშა ეს სპექტაკლი და რომ სულიერად არ უნდა გავმტყდარიყავით. საბოლოოდ, ვითამაშეთ სპექტაკლი, 600 კაციან დარბაზში სრული ანშლაგი იყო. თეატრში ქართველები საქართველოს დროშებით მოვიდნენ. სპექტაკლის შემდეგ ძალიან ამაღელვებელი ქართული პოეზიის საღამო ჩატარდა. მოკლედ, ასე ემოციურად ჩაიარა ნიუ-იორკში ჩვენმა პირველმა პრემიერამ.

ეს დასი ახლაც მოქმედია?

კი, მოქმედი დასია. ამ სპექტაკლის შემდეგ ხათუნა იოსელიანმა დადგა „თეთრი ბაირაღები“, „შთამომავლობა“, რამაზ ზურაბიშვილმა და ლიკა ბახტურიძემ დადგეს სპექტაკლი „სარკე“, ლიკამ ემიგრაციის თემაზე დაწერა პიესა. ამის შემდეგ დაიდგა „კლინიკური ქორწინება“. მერე კოვიდ პანდემია დაიწყო და თითქმის 2 წელი გაჩერებულები ვიყავით. ახლა ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვენს საქმიანობას. გარდა ამისა, ჩვენ ახალგაზრდული დასიც გვყავს, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ შევქმენით. დასში 19-20 წლის მოზარდები არიან. მათ ახლახან ახალი სპექტაკლი „შერეკილები“ დადგეს. 27 ივნისს მალტაში მივემგზავრებით, სადაც ძალიან დიდი დელეგაცია ჩამოდის საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ ხშირად დავდივართ გასტროლებზე, ვიყავით ესპანეთში, იტალიაში. ჩვენი ბავშვები საბერძნეთშიც იყვნენ, თეატრალურ ფესტივალზე და ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ ყველაფერმა. საქართველოში ჩამოსვლასაც ვაპირებთ.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები