ემრე ჩაბუქის კონფიდენციალურობის გათვალისწინებით სამინისტრო არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს და არგუმენტაციას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით, ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა. სამინისტროს მიერ ჩაბუქთან დაკავშირებით ჩატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურა. კერძოდ, მას ჩაუტარდა გასაუბრება. სრულად იქნა შესაწავლილი როგორც მისი, ასევე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ, ასევე თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადაციო მასალები.
“სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული მხარისთვის, კონკრეტულად, ბატონ ჩაბუქის მიმართ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონ ემრე ჩაბუქისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ბატონი ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით სამინისტრო არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს და არგუმენტაციას”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.