LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემზარ სიუკაევი: „9 თვე ოჯახი დამიტოვეს ულუკმაპუროდ“ – სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს 

85
ემზარ სიუკაევი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების: ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ემზარ სიუკაევმა განაცხადა, რომ მისი დაკავება უსამართლოდ მოხდა და პოლიციელების მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ჩემი დაკავება მოხდა აბსოლუტურად უსამართლოდ, პოლიციელების მხრიდან იყო არასათანადო რეაგირება. მე თავად ვარ ყოფილი პოლიციელი და ძალიან კარგად ვიცი პოლიციის საქმიანობა. დავინახე პოლიციელის მხრიდან გაუმართლებელი ქმედება, რომ ის ცდილობდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებას თამლიანის მისამართით, მოვახდინე რეაგირება და პროპორციული ძალა გამოვიყენე. პოლიციელების მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, 9 თვე ოჯახი დამიტოვეს ულუკმაპუროდ, რადგან ვერ ვმუშაობდი და ფინანსური შემოსავალი არ მაქვს“, – აღნიშნა სიუკაევმა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

„მეორეჯერ გამოვდივარ გირაოთი ციხიდან, თუმცა მეორედ არ მაწერია სახეზე სიხარული, ან განცდა რომ კმაყოფილი ვარ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იწერს ხელისუფლება დადებით სტატისტიკას, რომ ხალხს გირაოთი აკმაყოფილებენ. ისედაც 2 დღე იყო დარჩენილი და გირაოს გარეშე გავდიოდი თავისუფლებაზე, როდესაც ხალხს 2 დღე რჩება ამ დროს თაღლითურად გირაოს უწესებენ, ეს არის არაადამიანობა. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც „მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას. გირაოს გადავიხდი თუ არა, პროცესებზე დასწრებას ვაპირებ, ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, – განაცხადა თამლიანმა.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი
mazda magti 5g