LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენა – მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

75
7rchevafs

გადაცემის ლაივი LIVE

ენა-მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები ბავშვის განვითარებაში – მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ნეიროფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი.

რას ნიშნავს ექსპრესიული და რეცეპტული ენა?

ენა – მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარებისა და გარემოსთან ადაპტაციის პროცესში. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ექსპრესიული და რეცეპტული ენა.

ექსპრესიული ენა გულისხმობს ადამიანის უნარს გამოხატოს სიტყვიერად აზრი, ან სურვილი. რეცეპტული ენა გულისხმობს იმას, რამდენად შეუძლია ბავშვს გაიგოს მიმართული მეტყველება, სხვისი საუბარი. აქვე უნდა ვახსენოთ ენის პრაგმატული მხარე, რაც გულისხმობს, იმას როგორ იყენებს ბავშვი ენას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად ხვდება ვის როგორ ესაუბროს, შეუსაბამოს სათქმელი სიტუაციას და სხვ.

რა უნდა ვიცოდეთ ასაკთან მიმართებაში?

სხვადასხვა ასაკში გარკვეული უნარების განვითარების კრიტიკული პერიოდები გვაქვს. განვითარების კრიტიკული პერიოდი მოიაზრებს ეტაპს, როცა ესა თუ ის უნარი ყველაზე სწრაფად და ინტენსიურად ვითარდება. ენა-მეტყველების განვითარების კრიტიკული პერიოდია 1-3 წლის ასაკი. როცა ცალკეული სიტყვებიდან ძალიან სწრაფად იწყებს ბავშვი წინადადებების გადაბმასა და ამბის მოყოლის მცდელობებს.

რას მოიცავს კომუნიკაციისა და სოციალური უნარები?

უმნიშვნელოვანესია ვახსენოთ კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარება. ერთ-ერთი პირველი, რაც ბავშვის კომუნიკაციის უნარის განვითარებაზე ახდენს გავლენას არის ბავშვის მიჯაჭვულობის ფორმირება მზრუნველთან. ის, თუ როგორ ურთიერთობს ბავშვი მშობელთან, დიდწილად განაპირობებს ბავშვის სოციალურ განვითარებას და აყალიბებს უნიკალურ კომუნიკაციურ კომპეტენციას. მნიშვნელოვანია მშობლისა და ბავშვის ინტერაქცია არამხოლოდ ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილების, არამედ ემოციური ჩართულობის გზით. სიცოცხლის პირველ თვეებში, დაახლოებით 6 თვემდე პერიოდში, ბავშვის ყურადღების მთავარი ობიექტი ადამიანის სახეა, ბავშვი აკვირდება მზრუნველის ექსპრესიებს და იმეორებს მას, აკვირდება სხვების რეაქციებს და სწავლობს თავად რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მოვლენებზე. გარშემომყოფების ქცევის მიხედვით წყვეტს რა არის უსაფრთხო და როდის შეუძლია გარკვეული ქმედების განხორციელება. Face to face კომუნიკაციის დროს ბავშვი სხვის გამომეტყველებაზე დაკვირვებით იგებს საკუთარ განცდებს. იმისთვის, რომ მივხვდე რას განვიცდი, სხვა ადამიანში უნდა დავინახო ეს განცდა. ეს ეხმარება ბავშვს საკუთარი ემოციების, სურვილებისა და განზრახვის ამოცნობაში და სწორედ ასე ვითარდება სოციალური კომპეტენციაც. დროთა განმავლობაში, ბავშვს უყალიბდება გარკვეული მოლოდინები იმაზე, რა რეაგირება ექნება მშობელს სხვადასხვა სიტუაციაზე. სხვების ემოციებზე დაკვირვებით და ამ ექსპრესიების არეკვლით სწავლობს ბავშვი ემოციების ამოცნობას, რაც ეხმარება მას სწორი უკუკავშირის შერჩევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები