LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენგურჰესი“ – „ჩვენი თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ განცხადება სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა… „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად იტყუება, ასეთი რამ არასდროს მომხდარა“

120
ენგურჰესი

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომლის თანახმად „ენგურჰესის“ დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ, შპს „ენგურჰესი“ განცხადებით ეხმიანება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ენმ-ის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადება სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა. შესაბამისად, ანა წითლიძის ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკაც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე“ საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა და შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება“ ფიზიკურად ვერ იარსებებს.

რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას – ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც“ ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არამარტო ლევან მებონიას, არამედ შპს „ენგურჰესისა “და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა.

აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს“, – აღნიშნულია „ენგურჰესის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

❗️შპს „ენგურჰესის“ განცხადება❗️ გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის…

Posted by ენგურჰესი / Enguri HPP on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2024

ცნობისათვის, ანა წითლიძის განცხადებით, მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, „როგორ ავალებს ენგურჰესის დირექტორი დევნილებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას ოკუპანტებთან, ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე“.

ანა წითლიძის თქმითვე, აღნიშნულის შესახებ მტკიცებულებები უკვე გადასცეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა სადამკვირვებლო მისიას:

„ჩვენ ვიცით ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ პირადობების მოწმობების ჩამორთმევის პროცესში და ასრულებენ უკანონო დავალებებს. ერთ-ერთი მათგანი არის ლევან მებონია, ენგურჰესის დირექტორი, რომელიც შემჩნეულია ორ დანაშაულებრივ ქმედებაში. პირველი – ლევან მებონიას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომელთა უმეტესობას, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნების დღეს უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა. მეორე, უფრო მძიმე დანაშაული – ლევან მებონია არის მთავარი მომლაპარაკებელი რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25 და 26 ოქტომბერს დაიკეტოს ენგურის ხიდი, რომ დევნილებს – საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიიდან, არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ ავალებს ლევან მებონია ენგურჰესის თანამშრომლებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას, ასევე, გვაქვს მტკიცებულებები და უკვე გადავეცით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არის რეგიონში, როგორ აწარმოებს ლევან მებონია მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან“, – განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g