არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება მუსიკას ჰგავს – დაწყებიდან დასრულებამდე. ისინი ისე იბადებიან, რომ სამყაროს სიხარულსა და ტკივილს სიმღერად აქცევენ. მათი ხმა თითქოს ჰაერში რჩება და არასოდეს ქრება. ასეთია მანანა მენაბდე – ქალი, რომლის თითოეულ ბგერაში იგრძნობოდა თავისუფლება, მონატრება, სიყვარული და დაუმარცხებელი ქართული სული. მისი არსებობა მხოლოდ მუსიკა არ იყო, ის იყო მთელი ეპოქა. თბილი, ხავერდოვანი ხმა, თავისუფალი მანერა, განსხვავებული სტილი, მანანა იყო სცენის სილამაზე და ცხოვრების სიმართლე. ის არ თამაშობდა, არ იკავებდა ნიღბებს, ის უბრალოდ მღეროდა ისე, როგორც სუნთქავდა და სწორედ ამიტომ შეიყვარა იგი ათასობით გულმა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღეს კი, როცა მისი გულისცემა შეჩერდა, თითქოს მუსიკამაც წამით სუნთქვა შეიკავა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მანანა მენაბდე მხოლოდ მომღერალი კი არა, ეპოქის სახე იყო – სახე, რომელსაც ვერაფერი წაშლის.
მანანა მენაბდე დაიბადა 1948 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, ქართული ქალაქური რომანსის ცნობილი შემსრულებლების, დები იშხნელების ოჯახში. მხოლოდ ოთხი წლის იყო, როდესაც 1952 წელს, ჟურნალ „ოგონიოკში“ დაიბეჭდა ცნობა, თუ როგორ ასრულებდა პატარა გოგონა ბებიების მთელ რეპერტუარს.
„ჩემთვის, მაგალითად, არავის უთქვამს, წადი, იმღერე და მომღერალი გამოდიო. ზოგიერთ ოჯახსა და მშობელს სიგიჟემდე სურს, მათი ბავშვი სცენაზე იდგეს და მღეროდეს. მსგავსი დაძალება ჩემთან არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის ასაკში უკვე მამას დაწერილ სოლფეჯიოებს ვმღეროდი, ოთხი წლისამ ბებიების, დები იშხნელების – მთელი რეპერტუარი ვიცოდი, ამას ხაზს არავინ უსვამდა. არავის დავუყენებივარ სკამზე და უთქვამს, სტუმრებისთვის იმღერე ან ლექსი წაიკითხეო. ეს ბუნებრივად ხდებოდა” – იხსენებდა მუსიკოსი.
მეცხრე კლასის მოსწავლე „გეპეის” ორკესტრში მიიწვიეს. 16 წლის ასაკში გახდა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლის „რეროს“ წევრი.
1970–1980–იანი წლების ახალგაზრდა თაობაში მანანა მენაბდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ჰქონდა რადიკალურად გამორჩეული ჩაცმის სტილი, თბილი ხმა და შესრულების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განსხვავებული მანერა. მის ნიჭს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ანსამბლის შემადგენლობაში მანანამ გასტროლებით მოიარა: რუსეთი, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, სლოვაკეთი და სხვ.
„საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ძალიან დიდხანს პერსონა ნონ-გრატა ვიყავი, მაგრამ მაგის გამო არ წავსულვარ. ჩემი 13 წლის დისშვილი – თეონა, გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით. ამიტომ ძალიან გამიჭირდა დარჩენა. თუმცა მივხვდი ერთ რამეს: სხვაგან შეიძლება გადახვიდე, მაგრამ შენი თავიდან ვერსად გადახვალ. 15 წელი ვიცხოვრე გერმანიაში, მაგრამ თან დამქონდა ჩემი თბილისი და ჩემი საქართველო” – იხსენებდა მანანა მენაბდე ერთ-ერთ ინტერვიუში.
მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოები პირველად აჟღერდა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია”, ფილმმა 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. მანანა თავად მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი შემოქმედების მთავარი კონცეფცია, ქართული ხალხური მუსიკალური საწყისების თანამედროვე მუსიკალური ენის საშუალებით გადმოცემა.
1983 წელს რადიო BBC და რადიო „თავისუფლება“ რეგულარულად ამზადებდა გადაცემებს მანანა მენაბდის შესახებ. 1986 წელს მომღერალმა მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცი ისევ იღებს მანანას მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“, სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით.
1991 წლიდან მანანა მენაბდე ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და 14 წელი ცხოვრობდა იქ. გერმანიის მოქალაქეც გახდა. 1992 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ლიტერატურული სტიპენდია დაუნიშნა. ბერლინში მომღერალი კონცერტებს ატარებდა ჟურნალისტების სახლში, ჯაზ-კლუბებში. მღეროდა ქართულად. ამავე პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა სახის პროექტებში, პერფორმანსებში – გერმანიაში, საქართველოში, მონაწილეობდა ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურული სახლის საღამოებში, ატარებდა სოლო კონცერტებსა და ლიტერატურულ შეხვედრებს.
მომღერალი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობდა, თუმცა იყო შემთხვევა, როცა თავის პირველ და ერთადერთ სიყვარულზე ხმამაღლა ისაუბრა: „ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. დედამისს არ სურდა მანანა მენაბდე. ჩემი მეგობრები არიან იმის მოწმეები, რომ დედამისმა აქ, თბილისში მომიხადა ბოდიში… თუ ოჯახს შევქმნიდი, ეს მხოლოდ მასთან იქნებოდა. ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს არაჩვეულებრივ მეუღლესა და შვილებთან ერთად. აქაც ჰყავს შვილი. ასეთ რთულ ვითარებაში ცუდად მოიქცა. ერთი კვირით მარტო დამტოვა. მას არ უფიქრია იმაზე, მე რა მდგომარეობაში ვიქნებოდი იმ დროს. მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა, მაპატიე, მაგრამ არ შემეძლო, შენ გამოგყოლოდი, რადგან დედაა ჩემიო. ახლა ვესაუბრე დედას, გადავწყვიტე ყველაფერი და მინდა, ერთად ვიყოთო. მე ვუპასუხე, რომ მას ერთი კვირით დააგვიანდა… ფაქტობრივად, იმ ქალმა სახლიდან გამომაგდო. დავრჩი ქუჩაში, სიცივეში, მარტო. არც კი გამომყოლია არავინ. ცუდ დღეში ვიყავი ძალიან. გამოცდილება არ მქონია. 24 წლის ვიყავი“- ამბობდა მომღერალი.
სამწუხაროდ, მანანა მენაბდეს სიცოცხლე ასე დასრულდა, მაგრამ მის ხმას სიკვდილი ვერ მოერევა. ის ისევ გვემღერება ძველ ჩანაწერებში, ისევ დაგვიბრუნდება ყოველ მოსმენილ ნოტში და ისევ აგვიტანს იმ ემოციამდე, რასაც მხოლოდ ნამდვილი ხელოვნება იწვევს. მისი ცხოვრების გზა იყო რთული და ამავე დროს საოცრად ნაყოფიერი. მანანა მენაბდე აღარ არის ჩვენთან, მაგრამ მანანა მენაბდე მუდამ იქნება ჩვენს გულებში, როგორც ხმა, როგორც სიმღერა, როგორც სული, რომელიც დროს და სივრცეს არ ემორჩილება.