LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებს პასუხობს

marshania

ექიმი არჩილ მარშანია ვაქცინაციის გარშემო არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით არჩილ მარშანია არგუმენტირებულად ხსნის, რატომ არ უნდა გვეშინოდეს ვაქცინაციის.  „ფორტუნა“ ექიმის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„შემდეგი მითი: ”ვაქცინაში ვერცხლისწყალია!!!”

რასაც დამატებით დესერტად მოაყოლებენ ხოლმე, რომ ”თუ თევზში საშიშია ვერცხლისწყალი, მაშინ ვაქცინაშიც საშიშია”-ო

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თთქოს თერმომეტრიდან ამოიღეს ვერცხლისწყალი და ჩაასხეს ვაქცინაში, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის.

რა ხდება სინამდვილეში:

1 – ვაქცინაში არ არის ვერცხლისწყალი როგორ მეტალი, არამედ მასში შედის თიმეროზალი (ისიც იმ ვაქცინებში სადაც მულტი დოზებია, ანუ ერთ ფლაკონში რამოდენიმე დოზა ვაქცინა), თიმეროზალი ეს არის ორგანული ვერცხლისწყლის ფუძეზე დამზადებული შენაერთი და შეიცავს ეთილმერკურს.

მოდით კიდევ გავიხსენოთ სკოლის დონის ქიმია – ნივთიერების ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს განსაზღვრავს მისი ქიმიური ფორმულა და შემადგენლობა და არა მხოლოდ სახელწოდება.
მაგალითად: ცალკე აღებული ქლორი (Cl) და ცალკე აღებული ნატრიუმი (Na) რომ ავიღოთ და შევურიოთ ერთმანეთს და შემდეგ დავაწვეთოთ წყალი მივიღებთ ძლიერ ეგზოთერმულ რეაქციას – აფეთქდება.
ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სუფრის მარილიც (ქიმიური შენაერთი: ნატრიქლორი – NaCl) წყალში გახსნისას აფეთქდება და სუფრის მარილზე ვერ ვიტყვით, რომ ის ქლორია, მხოლოდ იმიტომ რომ ქლორს შეიცავს ქიმიურ შენაერთში. შესაბამისადვე ვერ ვიტყვით თიმეროზალზე, რომ ის ვერცხლისწყალია, რადგან მის ქიმიურ შენაერთში ფიგურირებს სიტყვა “ვერცხლისწყალი”;

2 – თიმეროზალი ზოგ ვაქცინაში შედის მიკროდოზებით, მაქსიმუმ 50 მიკროგრამი (1კგ = 1000გრ, 1გრ = 1 000 000 მკგრ). ის კარგად შესწავლილი და უსაფრხოა, აქვს თავისი დანიშნულება და იცავს ვაქცინას სხვადასხვა ვირუსული თუ სოკოვანი კონტამინაციისგან;

3 – ზღვის პროდუქტებში (ისიც ისეთებში როგორიცაა ზვიგენი, ხმალთევზა, გარკვეული სახის ტუნა და ა.შ.) შეიცავს მეთილმერკურს (და არა ეთილმერკურს) რომლის დიდი რაოდენობით მიღება შეიძლება იყოს ტოქსიკური (ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა იმას, რომ ეს თევზები არ უნდა მივირთვათ, არა, უბრალოდ დიდი რაოდენობით არ უნდა მივირთვათ და არსებობს ამის ნორმებიც);

4 – ეთილმერკურის ტოქსიკოკინეტიკური პროფილი განსხვავდება მეთილმერკურისგან.
ეთილმერკური უსაფრთხოა – მეთილმერკური ტოქსიკური (დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში)

ამიტომაც:

1 – რადგან ვაქცინაში არის თიმეროზალი;

2 – რადან თიმეროზალი არ არის ვერცხლისწყალი;

3 – რადგან ეთილმერკური (ვაქცინაში) არის სხვა და მეთილმერკური (ზღვის პროდუქტებში) არის სხვა, წინადადება: “ვაქცინაში ვერცხლისწყალია და თუ ვერცხლისწყალი ზღვის პროდუქტებში საშიშია, ესეიგი საშიშია ვაქცინაში” – არის მცდარი და ყოველგვარ აზრს მოკლებული“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g