LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმის გარეშე დამატებით ანალიზებს მიტარებდნენ“ – რა პრობლემებზე საუბრობენ პაციენტები

თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში პაციენტები გარკვეულ პრეტენზიებს გამოხატავენ. მათი ნაწილის თქმით, დაგეგმილ ოპერაციამდე დამატებითი ხარჯების გაღება უწევთ. ნაწილი ამბობს, რომ ეს ხარჯები ოპერაციის შემდგომ, პალატაში გადასვლისას იზრდება.

„ფორტუნას“ სანდო წყარომ, რომელმაც ოპერაცია ერთ-ერთ ქირურგიულ საავადმყოფოში გაიკეთა, განუცხადა, რომ პალატაში შესულს ექთნები ყოველდღიურად სთხოვდნენ თანხის გადახდას – დღის ცვლის ექთნები 20 ლარს, ხოლო ღამის ცვლის – 50 ლარს. როცა პაციენტმა აღნიშნულის თაობაზე ექიმს მიმართა, ექიმის პასუხი მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა – “ნუ გაიფუჭებთ ექთნებთან ურთიერთობასო”.

აღნიშნულის გადამოწმებას კონკრეტულ ქირურგიულ საავადმყოფოში შევეცადეთ. საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ფაქტი კატეგორიულად უარყო და დასძინა, რომ წლების განმავლობაში, რაც იგი აღნიშნულ სტაციონარში მუშაობს, მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა.

 

ამავე პოზიციას იზიარებს იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ჩეჩელაშვილიც. ჩეჩელაშვილისთვის მიწოდებული ინფორმაცია, როგორც თავად თქვა, შოკისმომკვრელი აღმოჩნდა.

„მსგავსი ფაქტის შემთხვევაში ადამიანი სამსახურს ტოვებს. ასეთი ფაქტი არ არსებობს ჩვენთან! წლებია, არ მახსოვს, ასეთი შემთხვევა მომხდარიყოს. მსგავს პრეცედენტზე ჩვენთან მომჩივანი არასდროს მოსულა,“გვითხრა თამარ ჩეჩელაშვილმა.

 

კიდევ ერთი საკითხის გამო, რომელიც გარკვეულ საავადმყოფოებში დგას, წუხს 72 წლის ციალა შავშიშვილი. ციალა რამდენიმე კვირაა, გამოკვლევებს იტარებს და ოპერაციისთვის ემზადება.

 

„სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, ანალიზები დამჭირდა. ექიმი მიწერდა, რა ანალიზი უნდა გამეკეთებინა და რა დამიჯდებოდა ეს ყველაფერი. ლაბორატორიაში მისულს სულ სხვა ამბავი დამხვდა: ერთ-ერთმა ლაბორანტმა თავისი ინიციატივით, ექიმის მითითებების გარეშე, დამატებითი ანალიზებიც ამიღო, რამაც, ბუნებრივია, გადასახდელი თანხაც გაზარდა. მე პენსიონერი ვარ, როგორ ფიქრობთ, მოვახერხებ ამდენი თანხის გადახდას?“ – გვითხრა ციალა შავშიშვილმა.

 

ამავე საავადმყოფოში „ფორტუნას“ შეკითხვები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკომენტაროდ დატოვეს და გვითხრეს, რომ ანალიზები ექიმის მითითებების გარეშე არ ტარდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა კლინიკას შიდა სტანდარტი აქვს და თავად განკარგავს სიტუაციას.

 

“როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში თითქმის ყველა კლინიკა კერძოა. ყველა
კლინიკა თავად აწესებს მომსახურების შიდა სტანდარტს. ჩვენს ხელთ
არსებული ინფორმაციით, კლინიკებში ექთნების მხრიდან თანხის მოთხოვნა არ
ხდება. თუკი ასეთი შემთხვევა სადმე არის, სასურველია, პაციენტმა მოითხოვოს
შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მას ეს
საშუალებას მისცემს იდავოს, რამდენად სწორად და კანონიერად მოითხოვა
კლინიკამ თანხა. პაციენტს, ბუნებრივია, აქვს საჩივრის დაწერის უფლება,” – ამის შესახებ “ფორტუნას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„ფორტუნა“ კონკრეტული ქირურგიული საავადმყოფოს დასახელებისგან თავს იკავებს ამავე საავადმყოფოს პრესსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. ის ითხოვდა, პირადად მიგვეწოდებინა პაციენტის პირადი მონაცემები. წყაროს გაუთქმელობის პრინციპიდან გამომდინარე და პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, „ფორტუნას“ წყარო და კონკრეტული საავადმყოფოს დასახელება რჩება ანონიმურად.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g