სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებს ეხება, ნათქვამია, რომ 36-37 კვირის ორსულმა ქალმა, ფსიქიატრიული დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, ფსიქიატრიული პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ორსულობა ვერსად დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებებში გინეკოლოგი ჰყავდათ და მათ ქალი გასინჯეს კიდეც.
“ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ქალის ორსულობის შესახებ მედპერსონალისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან 36-37 კვირის ორსულობის ვადაზე, მარტომ, დახმარების გარეშე, დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა.