პოპულარულ და მომხიბვლელ ტელეჟურნალისტს, ნინო თოლორდავას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას ახლახან სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. როგორც ჟურნალისტი fortuna.ge-სთან ამ დიდი ემოციების გაზიარებისას ამბობს, არასდროს ღირს ფარ-ხმალის დაყრა შვილისთვის ბრძოლაში, რადგან ეს ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ნინოს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, ამიკო, რომელიც ახალშობილ ძმას, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, თავს ევლება და დედას მის მოვლაში ეხმარება…
ნინო თოლორდავა გვიზიარებს, როგორ გრძნობს თავს ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულების შემდეგ…
პირველ რიგში, გაგვიზიარეთ ემოციები, როდესაც თქვენს პატარას პირველად შეხვდით – როგორი ბიჭია თადა-ერეკლე, ვის ჰგავს…
წარმოუდგენელი ემოცია იყო, როცა თადა-ერეკლე პირველად დავინახე. გვგავს ორივეს, მაგრამ ზოგი უფრო მე მამსგავსებს, ზოგი – ჩემს მეუღლეს.
სახელი როგორ შეურჩიეთ?
თადას დარქმევა გიორგის უნდოდა, ერეკლე მინდოდა მე. გამოვიდა თადა-ერეკლე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს ეს სახელი (იღიმის).
თქვენი მეუღლის, გიორგი დავითაიას ემოციებიც გაგვიზიარეთ, თუ გეხმარებათ თადა-ერეკლეს მოვლაში?
ასევე საოცარი ემოციები ჰქონდა მასაც, როცა პირველად ნახა თადა. ძალიან მეხმარება მის მოვლაში. თადა ყოველ სამ საათში ერთხელ ჭამს, ღამეც და დღეც, გაყოფილი გვაქვს ღამეები. გვეხმარებიან დედაჩემი, ჩემი დედამთილი, მაგრამ მე და გიორგიც ვართ ხოლმე ბავშვთან, ნახევარი ღამე – მე, ნახევარი – გიორგი.
როგორია დედობა უკვე მეორედ, ამდენი წლის შემდეგ? რა განსხვავებული შეგრძნებებია?
განსხვავებული შეგრძნებები შეიძლება იყოს, რადგან ჩემი პირველი შვილი, ამიკო რომ გავაჩინე, 18 წლის ვიყავი. ალბათ, ახლა უფრო ვაანალიზებ, რას ნიშნავს, იყო პატარა ადამიანის დედა, რომელიც შენი სამყაროა. ვაანალიზებ, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ერთგვარი მისია შევასრულე…
როგორ შეხვდა დედმამიშვილის დაბადებას თქვენი უფროსი შვილი, ამიკო?
ამიკო ძალიან მზრუნველი ადამიანია და ვატყობ, რომ ძალიან შეუყვარდა თადა-ერეკლე. ყოველდღიური ურთიერთობა აქვს და ცდილობს, ყველაფერში დამეხმაროს.
როგორ შეცვალა თქვენი დღის რეჟიმი ახალშობილმა? თავად ზრდით, თუ ვინმე გეხმარებათ?
დღის რეჟიმი, რა თქმა უნდა, შეიცვალა, იმიტომ, რომ სახლში გვყავს პატარა, ნანატრი შვილი. მართალი გითხრათ, არც გვაქვს სადმე წასვლის სურვილი. მოცემულ მომენტში, ამ პერიოდში ვართ სახლში, ბავშვთან. თადა-ერეკლეს დაბადების დღიდან ჩვენთან არის ძიძა, რომელიც ბავშვის გაზრდაში გვეხმარება.
როგორც ცნობილია, თქვენი შვილი სუროგაციის გზით გაჩნდა. რას ეტყოდით ქალბატონებს, რომლებიც შვილის ყოლაზე ოცნებობენ?
ვეტყოდი, – არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს, არ დაყარონ ფარ-ხმალი და ყველაფერი აუცილებლად გამოვა. შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა. ძალიან ბევრი წლის ოცნება ამიხდა!.. თადა-ერეკლემ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ამას ბევრი წელი ველოდი… ჩემი პირველი შვილის დაბადებიდან მოყოლებული, დაახლოებით სამი წლის იყო ამიკო, ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ ვაჩენდი… რა თქმა უნდა, ფარ-ხმალს არ ვყრიდი. ბევრმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ახლა უკვე მეორე შვილი მყავს…
ბავშვის გაჩენის შემდეგ თქვენ და თქვენს მეუღლეს თუ გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის დრო და თუ არის სიურპრიზები თქვენს ურთიერთობაში?
რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ურთიერთობის დრო ყოველთვის არის. არც მე და არც გიორგი არ დავუშვებთ იმას, რომ ერთმანეთისთვის დრო არ დაგვრჩეს. ყველაფერს ვაბალანსებთ. მთავარია, მეუღლესთან ურთიერთობის სურვილი გქონდეს. ეს არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, დრო გვაქვს ამისთვის.
რაც შეეხება სიურპრიზებს, ჩვენს ურთიერთობაში ბევრი სიურპრიზი ყოფილა. გიორგის ძალიან უყვარს სიურპრიზები. ეს ძალიან სახალისოა, ურთიერთობასაც ახალისებს.
ცნობილია, რომ პატარა უკვე გააქრისტიანეთ. ვინ იყვნენ ნათლიები და როგორ ჩაიარა ნათლობამ?
გვინდოდა, რომ 40 დღემდე მოგვენათლა თადა-ერეკლე. უცებ გადავწყვიტეთ და მოვნათლეთ. თადა-ერეკლეს ნათლია არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, გიორგისთვის მესამე შვილია, ამიტომაც პატრიარქმა მოგვინათლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის… ნათლიები ასევე იყვნენ ჩვენი მეგობრები – მარიამ ვაშაძე და აკაკო ჯავახაძე.
ინტერვიუ: ნინო მურღულია