LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ქართული დახვეწილი სილამაზე ვენეციის კინოფესტივალზე – როგორ მიიღო ნინი ბადურაშვილმა „არმანისგან“ შემოთავაზება: „ამდენი ხანია, სცენაზე ვარ და ასეთი დადებითი გამოხმაურება არასდროს დამიმსახურებია, დიდი მადლობა…“

10262
2025-09-01_13-29-12_895416

ნინი ბადურაშვილმა ვენეციის კინოფესტივალზე ნამდვილი, ბუნებრივი, სადა და დახვეწილი ქართული სილამაზე წარმოაჩინა, როგორც მსოფლიოში აღიარებული ბრენდის „არმანის“ ამბასადორმა საქართველოდან. როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთ ყველაზე ძველ და სახელგანთქმულ ფესტივალზე ქართველი მომღერალი და ტელეწამყვანი, ამას fortuna.ge-ს მკითხველს ექსკლუზიურად მოუყვება.

ნინი ბადურაშვილი:

ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, დაუკავშირდნენ კოკი ფერაზი ფანგანს, ჩემს მეგობარს, რომელსაც „ინსტაგრამზე“ მისწერა კომპანიამ, ვინც „არმანისთვის“ არჩევდა სახეებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ეს შუამავალი კომპანია იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ალბათ, ჩემთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, მაგრამ რადგან კოკის ჩემი უამრავი ვიდეო უდევს, სწორედ მასთან გავიდნენ ხაზზე. როდესაც კოკიმ მითხრა, რომ „არმანიმ“ ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოდან ამბასადორად მე მიმიწვია, სიმართლე გითხრათ, თავიდან ფეიქი მეგონა. აქამდე ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია. შემდეგ დავიწყეთ გადამოწმება და დავრწმუნდით, რომ სიმართლე იყო, დავიწყეთ კომუნიკაცია. როდესაც ყველა დეტალი დავაზუსტეთ, ერთად გავემგზავრეთ, რადგან კოკის გარეშე მე ამდენი რაღაცის გადაღებას ვერ მოვახერხებდი.

საქართველოდან მხოლოდ შენი კანდიდატურა განიხილებოდა?

როგორც შემდეგ მითხრეს, პირველი, ვის შესახებაც ინფორმაცია „არმანის“ სათავო ოფისში გადააგზავნეს, მე ვიყავი, შეიძლება, იყო სხვა კანდიდატურაც, თუმცა მე არ ვიცი. როგორც მითხრეს, ჩემი კანდიდატურა მთავარმა ოფისმა მიღებისთანავე დაადასტურა, მე კი უკვე დადასტურებული ამბავი გავიგე. ალბათ, მანამდე განიხილებოდა სხვადასხვა ადამიანი, თუმცა ამის შესახებ არაფერი ვიცი.

როცა გაიგე, რომ ნამდვილად მიემგზავრებოდი ვენეციის კინოფესტივალზე „არმანის“ სახელით, პირველი რა ემოცია დაგეუფლა?

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, სხვანაირი ემოციაა, აქამდე რომ არ მქონია. ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე არასდროს ვყოფილვარ. მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობაც არ მქონია. ორმაგი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ პირველი გახლდით, ვინც საქართველოდან გაემგზავრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედია და თვითონაც ასე აპირებენ, რომ მომავალ წელსაც წაიყვანენ საქართველოდან წარმომადგენელს. იქ იყვნენ ამბასადორები სხვადასხვა ქვეყნიდან, უკვე მეორედ, ასე რომ, არ არის გამორიცხული, ისევ შემომთავაზონ ან სხვა წაიყვანონ ჩვენი ქვეყნიდან.

„არმანი“ თუ დაინტერესდა, რა გამოხმაურებები ჰქონდა თქვენ მიერ დადებულ ფოტო და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში?

საქართველოდან გამოხმაურებებმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. კოკი მუდმივად უგზავნიდა რეპორტებს, რადგან ძალიან აინტერესებდათ გამოხმაურებები. ამ დადებითი კომენტარებისთვის მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქართველებს. ამდენი ხანია სცენაზე ვარ, მსმენელი და მაყურებელი მიცნობს, მაგრამ ასეთი დადებითი გამოხმაურება არასდროს დამიმსახურებია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასეთი კომენტარები დაწერა, ეს ჩემთვისაც და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია…

ვენეციაში ხარ თუ უკვე დაუბრუნდი თბილისს?

უკვე დავბრუნდი თბილისში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ემოცია მაქვს – როგორიც წარმოგვიდგენია ვარსკვლავური ცხოვრება, ზუსტად ისეთი ვნახეთ ჩვენც. ორგანიზება, დახვედრა, სასტუმრო, გადაღებები, – ეს იყო უმაღლესი დონე. სასიამოვნო იყო ამის საკუთარ თავზე გამოცდა.

წითელ ხალიჩას თუ ახლდა ღელვა?

სხვათა შორის ვერ ვიტყვი, რომ ვნერვიულობდი. სანამ წითელ ხალიჩაზე გავიდოდი, კი მქონდა ემოციები, მაგრამ დავფიქრდი, რატომ არ ვნერვიულობდი. ეს შეგრძნებები შემიძლია აღვწერო, როგორც სასიამოვნო ეიფორია. ღელვა ნაკლებად იყო. ალბათ, ეს ყველაფერი უკავშირდება გამოცდილებას, ფოტოკამერების თუ ვიდეოკამერების წინ ბავშვობიდან ვდგავარ და ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი სიმშვიდე.

რაც შეეხება კაბებს, მაკიაჟს, ვარცხნილობას – ეს ყველაფერი შენ აარჩიე თუ მათმა სტილისტებმა შემოგთავაზეს?

ყველაფერი მათი არჩეული იყო, მთავაზობდნენ და მეკითხებოდნენ ჩემს აზრს. პირველი დღისთვის, როცა წითელ ხალიჩაზე უნდა გავსულიყავი, რამდენიმე კაბა შემომთავაზეს. მერე მეც შევთავაზე, იქნებ კორსეტი ნახოთ-მეთქი და „არმანის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამომიტანა. ყველა ის სამოსი, რაც მოვირგე, არის „არმანის“ პირველი ხაზიდან და აქვს საოცარი სილუეტი.

თუმცა საოცარი სილამაზის გოგომაც მოირგო… შენ როგორი გინდოდა, რომ ყოფილიყავი?

მინდოდა, ძალიან სადად და ელეგანტურად ვყოფილიყავი, არც მაკიაჟი გამიკეთებია მძიმე, არც თმაზე რამე ზედმეტი. ამ კაბას არც მოუხდებოდა, ჩემი აზრით. თავად ბრენდიც არის სასწაულად დახვეწილი, გემოვნებიანი და ელეგანტური. ისეთივე მინდოდა, რომ ვყოფილიყავი.

სხვათა შორის, კორსეტი ძალიან ვიწროდ მქონდა, იმ დღეს არაფერი ვჭამე სპეციალურად, რომ კარგად მომრგებოდა (იღიმის). იმდენად ლამაზი იყო, რომ ძალიან ვეცადე, ზუსტად მომერგო. სხვათა შორის, დავესწარით ფილმის ჩვენებას, სადაც ვნახე ჰაიდი კლუმი და რაც მთავარია, ქეით ბლანშეტი, რომელიც სრულიად ფანტასტიკური ქალია.

ფოტოები, რაც გადაგიღეს, რომელიმე მათ პლატფორმაზე გამოიფინება?

გვაქვს კონტრაქტი, სადაც წერია, რომ შეუძლიათ, ეს ფოტოები ათი წლის განმავლობაში გამოიყენონ საკუთარი ბრენდისთვის. ანუ იქ გადაღებულ მასალაზე უფლებები აქვთ. სრულიად უცხო ადამიანებიც მოდიოდნენ და ჩემთან ფოტოების გადაღების სურვილს გამოთქვამდნენ. თავიდან ესეც მიკვირდა…

ნინი, გარდა წითელი ხალიჩისა, კიდევ რა აქტივობებში მიიღე მონაწილეობა?

პირველი დღე იყო მთავარი დღე, წითელი ხალიჩის. მეორე დღეს გადაღებები გვქონდა ქალაქის ქუჩებში, სადაც ასევე გამოვიყენეთ მათი სუნამო „არმანი პრივე“. ასევე სტუმრად ვიყავით და დავათვალიერეთ „არმანის“ ხელნაკეთი სუნამოების მზადების პროცესი, მურანოს ქარხანაში, შემდეგ კი იყო გამოსამშვიდობებელი საღამო.

იქ ყოფნისას ხომ არ მიგიღია ისეთი კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა?

ბრენდის წარმომადგენლებისგან უამრავი კომპლიმენტი მივიღე. ზოგადად, ამ მხრივ ძალიან გახსნილები არიან. სხვა ქვეყნების ამბასადორები კი მეუბნებოდნენ, საქართველოს შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვქონდა, ახლა ვხედავთ, როგორი ლამაზები ყოფილხართო. ამ სიტყვებს მხოლოდ პირად კომპლიმენტად არ ვიღებდი… რა თქმა უნდა, ყველა დავპატიჟე საქართველოში.

კომენტარები ახსენე და ყველაფერი წაიკითხე სოციალურ ქსელებში?

ყველაფერი ვერ წავიკითხე, მაგრამ დიდ ნაწილს გავეცანი. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ხაზი ესმევა დედაჩემის, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის გენეტიკას. მათი ხაზის გამგრძელებელი ვარ… მიხარია, რომ ლალის მადარებენ, თუმცა ვთვლი, რომ ჩემზე ლამაზი იყო და მისთვისაც არაერთხელ მითქვამს ეს. კომენტარები, რომლებსაც ინტერნეტში გავეცანი, ძალიან დადებითად მოქმედებს. ბუნებრიობას რომ უსვამენ ხაზს, ესეც მახარებს. ზედმეტი არაფერი მიყვარს და ზუსტად ასე მინდოდა საკუთარი თავის წარმოჩენა.

„არმანისგან“ საჩუქრები თუ მიიღეთ?

ჩასვლისთანავე მივიღეთ საჩუქრები, ბევრი კოსმეტიკა, სუნამო.

დაბოლოს, რამდენიმე სიტყვით შევაჯამოთ შენი ვენეციური თავგადასავალი…

იმედი მაქვს, რომ საქართველო სულ იქნება ჩართული ამ კუთხით. გულწრფელად ვამბობ, ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია, ბევრ ადგილას ვყოფილვარ, ქართველი ქალი არის გამორჩეულად ლამაზი, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, საქართველო კვლავ იქნება წარმოჩენილი ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე.

magti 5g