LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილე გიორგი ნადიბაიძის პირველი კომენტარი: „ეს შოუ ომამდეა ჩაწერილი… საქართველოში აქამდე არავის ვაინტერესებდი და თურმე ჩემი სახელი და გვარი სცოდნიათ!..“

5715
გიორგი ნადიბაიძე

ახლახან სოციალურ ქსელში რეზო მამსიკიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც გიორგი ნადიბაიძის რუსულ მუსიკალურ შოუში გამოსვლას ასახავს. მომღერალი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის რუსულ შოუში მონაწილეობს, თუმცა გიორგი ნადიბაიძემ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიხსენა შოუს ჩაწერის პერიოდი და დასძინა, რომ ის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეა ჩაწერილი, ეთერში კი მხოლოდ ახლა მოხვდა.

გიორგი ნადიბაიძე: 

რეალობა ასეთი იყო – ძალიან არ მინდა, დავიწყო საუბარი ქართველი მომღერლების მდგომარეობაზე ჩვენს ქვეყანაში. როცა ადამიანი სხვა ქვეყანაში მიდის, ეს არავის უნდა, პირობები ქმნის წასვლის საბაბს. „მოდი, ყველამ ერთად“ – ამ კონკურსიდან სისტემატურად მეხმიანებოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდი, რადგან რუსეთში მუსიკალური კარიერის მოწყობა ბევრ რამეს უკავშირდება და კომფორტის ზონა არ არის.

მესამე სეზონში მონაწილეობას გადავწყვიტე, დავთანხმებოდი. 2021 წლის სექტემბერში დაიწყეს ყველაფრის ორგანიზება. 2022 წლის იანვარში დაიწყო გადაღებები და დასრულდა ომის დაწყებამდე. დავდექი ფაქტის წინაშე. ყველამ ძალიან ვინერვიულეთ. მე ისედაც ვაპირებდი რუსეთში დარჩენას რაღაც პერიოდის განმავლობაში. ასეთი გეგმა მქონდა და არ ვიცი, ეს ვის მოეწონება და ვის – არა. აქამდე არ მგონია, ჩემზე ბევრს ფიქრობდა რომელიმე ის ადამიანი, ვისაც ეს არ მოეწონება.

მე არ ვარ იმ არხის მაყურებელი, მაგრამ ეს არის წამყვანი საინფორმაციო ტელევიზია – ომის დაწყების შემდეგ მათი ეთერი სრულად დაეთმო ომის ამბების მიმოხილვას, შესაბამისად, პროექტი ეთერში ვერ მოხვდა.

აბსოლუტურად ვემიჯნები ყველანაირ პოლიტიკას, ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სიტუაციას და ძალიან განვიცდი, მაგრამ ბუნდოვნად ვერ დავტოვებ ამ საკითხს – ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ისე გაშუქდა, თითქოს ომის პერიოდში წავედი იქ, მივიღე შოუში მონაწილეობა და ახლაც იქ ვარ. „ფორტუნასგან“ განსხვავებით, სხვებს არ გაუჩნდათ კითხვა – აქამდე, როგორც მომღერალი, მათთვის არ ვარსებობდი – დაერეკათ და ეკითხათ, იქ ვარ თუ არა ახლა. თუ იქ ვიქნებოდი, როზგიც მოეცხოთ და გავეკიცხე.

ახლა ვარ თბილისში. სხვათა შორის, დავამატებ, რომ სადაც მე ვიყავი, იქ ბევრია არარუსი იყო, როგორც ჟიურიში, ასევე ბექსთეიჯში, იყვნენ უკრაინელები, უკრაინის მოქალაქეები და ქართველები. ყველამ დიდი დარტყმა მივიღეთ, როცა ამ ფაქტის წინაშე დავდექით.

თუკი ვინმეს გაუჩნდება კითხვა, ან ომამდე რატომ წავიდაო, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მიხედონ თავიანთ თავებს, ვისაც ის ვერ გაუგია, რატომ წავედი. რაც დავიბადე, მას მერე რუსეთი ოკუპანტია – არასდროს მეკავა ანტიქართული და ანტიპატრიოტული პოზიცია, მით უმეტეს, გორში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ჩემი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს. მე თუ ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვიღაცებს არ ესმით, რატომ, – მათთან საუბარი საერთოდ არ მინდა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვები აუცილებლად მოხვდება ჩვენს ინტერვიუში – მგონი, არც პირველი ვარ და არც ბოლო, ჩემს არაერთ კოლეგას უმღერია მსგავს პროექტებში რუსეთში. ყველა ცდილობს, თავისი პროფესიით იწვალოს და რაღაცას მიაღწიოს. რატომ მქონდა თმენის ვალდებულება, ვმჯდარიყავი და მეყურებინა, რომ წლიდან წლამდე ორ-სამ კონცერტშიც ვერ ვხვდები. ეპატაჟური გამოხტომები არ მახასიათებს და არ მიწერია სტატუსები, იქ რატომ დამბლოკეთ და აქ რატომ დამბლოკეთ-მეთქი, მაგრამ ამ ქვეყანაში მომღერლობა ნიშნავს, რომ უნდა აკეთო სხვა რამე ან სტაბილურად მიიღო მონაწილეობა პროექტებში, მერე კი სადღაც 50 ლარის სანაცვლოდ იმღერო. მერე უნდა გაერიო პოლიტიკურ ამბებში და ვიღაცას რაღაც უკოცნო… ეს ყველაფერი არ არის ჩემი სტილი. ვიღაცები დღეს ფიქრობენ, რომ უთავმოყვარეო ვარ, რომ წავედი რუსეთში და მე თურმე რანაირი ქართველი ვარ. რა გავაკეთე ამ რუსეთში წასვლით? ჩემი საქმე გავაკეთე, საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, ვფიქრობ, ნორმალურად. მინდა და მომინდება კიდევ, რომ საქმეში თავი ვაჩვენო. ეს ყველაფერი სწორედ თავმოყვარეობამ განაპირობა. სულ ვცდილობ, წინ გზა გავიკვალო. ვიჯექი და არავის არაფერში ვჭირდებოდი აქამდე. გიორგი ნადიბაიძე გადასარევად სცოდნიათ თურმე… ჩემთვის პირობითად არც თბილისობა არსებობს და არც სხვა დღესასწაული. ბოდიში, თბილისში არ დავიბადე, მაგრამ მუსიკალურ პროექტში ჩემი გამარჯვების შემდეგ, ამავე პროექტში მომუშავეებმა კონცერტები აკეთეს, სადაც სხვა მონაწილეებს იწვევდნენ, მე კი – არა.

რა თმენის ვალდებულება მაქვს? არც „ერისიონი“ ვარ, „არც „სუხიშვილები“, არ წარმოვადგენ სახელმწიფო ანსამბლს და არც სახელმწიფო დაფინანსებას ვიღებ, არც ეროვნული სამოსი ჩამიცვამს და ისე გავსულვარ, არც ქართული სიმღერა მიმღერია და არც რუსული. ამ მოცემულობით, სადაც მინდა, ყველგან წავალ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ნორმალურ და ადამიანურ კლიმატში, რომელი კლიმატიც, ვეთანხმები ყველას, რომ ახლა ნამდვილად არ არის. გამოვიდა, რომ მე შეუგნებელი ტიპი ვარ, ქართველები უკრაინაში იბრძვიან და მე რუსეთში წავედი სამღერლად. სანამ რუსეთში ასეთი სიტუაციაა, ძალიან არასწორად ჩავთვლიდი მეც ვიღაცის მხრიდან ასეთ საქციელს. მე სხვისი წარმატებით გავიხარებდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მესმის ამ ხალხის – კიდევ ვამბობ, ეს არის ომამდელი ჩანაწერი. ომის დაწყებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე და განაპირობა ის, რომ დროზე ადრე წამოვსულიყავი რუსეთიდან, შევგუებოდი იმას, როგორც დასრულდა ეს ამბავი.

პროექტი სრული სახით არის ჩაწერილი? ეს ერთადერთი ნამღერია?

რადგან პროექტი ახლა გადის, არ იქნება სწორი, წინასწარ ვისაუბრო, რა მოხდა პროექტში. ვისაც რეალურად ჯანსაღი ინტერესი აქვს, მუსიკალური, იმ ადამიანებმა თავიანთი თვალით ნახონ. მერე, ვიმედოვნებ, მომეცემა საშუალება, რომ სოციალური ქსელის საშუალებით გავაკეთო კომენტარი შემდეგ ეტაპებზე მოვლენების განვითარებაზე. ვიტყვი, რა და როგორ იყო, თუკი ვინმეს რაიმე ინტერესი ექნება.

ჩემი გამოსვლა შოუში დაგვიანებით ვნახე, იმდენად არ მქონდა შესაბამისი განწყობა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს ეს ამონარიდი არ დაგვიდია და არც ვაპირებდით აფიშირებას ასეთ დროს. ეს ვიდეო მოჭრა და სოციალურ ქსელში ჩემგან დამოუკიდებლად განათავსა ერთმა ბლოგერმა, სრულიად კეთილგანწყობით და ჩემი გულშემატკივრობით.  99% დადებითი კომენტარები იყო, მაგრამ მიკერძოებული მედიის გაშუქების შემდეგ, რომელიც რეალურად არ დაინტერესდა, როდის იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული, წამოვიდა უარყოფითი შეფასებებიც. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი გამოსვლა მოეწონა და გამოხატა თავისი დადებითი შეფასება.

ბოდიშს გიხდით ემოციურად საუბრისთვის, მაგრამ ეს ისეთი თემაა, ემოციების გარეშე ვერ ვილაპარაკე…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g