საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ 18-19 თებერვალს უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე–6 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2016 გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” „ექსპო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამოფენის ფარგლებში 100–ზე მეტი მონაწილე უნივერსიტეტი და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება წარმოდგენილი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჰოლანდია, თურქეთი, ჩინეთი, უნგრეთი.
”გამოფენის სტუმრები შეძლებენ პირისპირ შეხვდნენ და გაესაუბრონ მონაწილე უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და ყველა საჭირო ინფორმაცია სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: უმაღლესი სასწავლებლები, საგანმანათლებლო სააგენტოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, სტუდენტური სერვისები, ტრეინინგ ცენტრები, უცხო ენების სასწავლო ცენტრები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე საელჩოების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები”, – განაცხადეს ”ექსპო ჯორჯიაში”.
მათივე ინფორმაციით, გამოფენის პარტნიორია მედია ჰოლდინგი “gbtimes Georgia”. 2016 წელს, მედია ჰოლდინგი gbtimes Georgia საგამოფენო ცენტრის ჩინურ პავილიონს წარადგენს. ჰოლდინგის ეგიდით, გამოფენაში მონაწილეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, zhejiang province-ის სხვადასხვა უნივერსიტეტის 84 წარმომადგენელი და ოფიციალური პირები ჩინეთიდან.
განათლების საერთაშორისო გამოფენა ყოვეწლიური ღონისძიებაა, მას 12 000–ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. წელს გამოფენა ყველაზე მრავალფეროვანი იქნება მონაწილეების მხრივაც და ექსპო ჯორჯიას ოთხ პავილიონს მოიცავს: 4, 5, 6 და 11. გამოფენის ოფიციალური გახსნა შედგება 18 თებერვალს 12:00 საათზე, ხოლო 19 თებერვალს 19:00 საათზე გამოფენა საზეიმოდ დაიხურება კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით.