LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსტრადიციის პროცედურა მარტივდება

201

იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმთან“ და ევროპულ კონვენციასთან „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“. გარდა ამისა, ზუსტდება კანონმდებლობაში არსებული, სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკის განმაპირობებელი ნორმები.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ახლებურად არეგულირებს საექსტრადიციო პროცედურებს: შემოდის გამარტივებული ექსტრადიციის ინსტიტუტი; მარტივდება  სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარება; იხვეწება საერთაშორისო თანამშრომლობა ქონების ჩამორთმევის პროცესში.

კერძოდ, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ შესული ცვლილებებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თანხმობის შემთხვევაში, ინერგება გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ საექსტრადიციო პროცედურების გამარტივება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ახლებურად რეგულირდება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები – კერძოდ, უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი. საქართველოს პროკურატურას ენიჭება უფლება,  ჩამორთმეული ქონების განაწილების თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს იმ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან, საიდანაც განხორციელდა შუამდგომლობა ქონების ჩამორთმევის შესახებ; შესაძლებელი ხდება ჩამორთმეული ქონების ნახევრის შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა, ხოლო დანარჩენი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ ჩამორთმეული ქონება არ წარმოადგენს ფულად თანხას, კანონპროექტი ქონების გაყოფის უზრუნველსაყოფად მისი გასხვისების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნათლად არ არის განსაზღვრული, ვის გააჩნია იურისდიქცია უცხოეთში, საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე. ახალი რეგულაციებით, ამგვარ დანაშაულებზე გავრცელდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დანაშაულები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოექცევა.

მარტივდება გამოძიების პროცესში უცხო ქვეყნიდან საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებით, გარკვეულ შემთხვევებში, უცხო სახელმწიფოდან კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება შესაძლებელი იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე. იხსნება ბიუროკრატიული ბარიერები უცხო ქვეყანაში მყოფი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხვისა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარებისათვის.

საქართველოს მთავრობამ მოიწონა საკანონმდებლო პაკეტი, ცვლილებები მთავრობას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g