LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

116
1

საქართველოს პრეზიდენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა ამ ცვლილებების მიმართ სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიაჩნია.

პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს იმ რისკების შესახებ აფრთხილებს, რომლებსაც კანონის ახალი რედაქცია შეიცავს და აღნიშნავს, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია:

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია.

აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.

მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს.

ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ”, – აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთმ დღესვე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გუქმების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა

პოპულალურები