LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე გეწაძე: ჩემი მეუღლე ამისთვის მზად იყო

305

გადაცემის სტუმარი მსახიობი და პროექტ „იქს ფაქტორის“ წამყვანი ერეკლე გეწაძე იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ წარიმართა.
მოგვიყევი შენი მსახიობობის შესახებ…
– ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე. საკმაოდ კარგი სტუდენტი ვიყავი, სტიპენდიანტი. დამთავრებისთანავე მოვხვდი მუსიკისა და დრამის თეატრში, სადაც მაშინვე დორიან გრეის როლი მხვდა წილად.

შენი მშობლები საკმაოდ წარმატებულები არიან, ამანაც იქონია ალბათ გავლენა…
– საშინლად ვაპროტესტებდი ამ ყველაფერს, 17-18 წლის ასაკში პროტესტი მქონდა მათი წარმატების მიმართ, მეყალბებოდა ყველაფერი და მოკლედ, რამდენიმე წელი ასე ვიყავი. შემდეგ გადამიარა. გადაწყვეტილების მიღებაში მათი გავლენა არ ყოფილა, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ცავაბარე თეატრალურზე.

მათგან თუ იღებდი შენიშვნებს?
– არა, ძალიან მაღიზიანებდა, რადგან მყავდა ხელმძღვანელი, რომელიც ამ საქმეში უფრო ჩახედული იყო.

უმაღლესის დამთავრების შემდეგ რა იყო?
– დათო დოიაშვილმა ამიყვანა თავის დასში და პირველი როლი, რომელიც ვითამაშე „დორიან გრეის პორტრეტში“ მთავარი გმირი იყო. რატომაც მეგონა, რომ პირველი როლი მეათეხარისხოვანი იქნებოდა.

– როგორც ვიცი, „იქს ფაქტორის“ წამყვანობაზე რუსკა მაყაშვილმა გაგიწია რეკომენდაცია…
– შიდა კასტინგზე რუსკას უნდა მოვრგებოდით, ასე გადაწყდა საბოლოოდ და ჩემზე შეჩერდა არჩევანი. არც ვიცი ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები.

პირველად გამოხვედი დიდი აუდიტორიის წინაშე, როგორი იყო ეს?
– თავიდან ისეთი შოკი იყო, რომ ახლაც ავნერვიულდი, რეალობა დავკარგე. ხალხი, კამერები, რომლებიც მუდმივად გიღებენ, საშინლად სტრესული მდგომარეობა იყო.

რა გითხრეს მეგობრებმა ან ხალხისგან რა ემოცია წამოვიდა?
– კრიტიკის მეტი არაფერი ხალხისგან. გაბრაზებულები და აგრესიულები, ყველას თავისი აზრი ჰქონდა, მაგრამ ძირითადად ნეგატიური.

– როგორც ცნობილია, გიორგი ყიფშიძე ძალიან გაბრაზდა, როდესაც წამყვანობიდან მოხსნეს…
– გაბრაზდა კი, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მე ვიყავი, გადაუარა. მე და გიორგი დიდი ხანია ვმეგობრობთ და ბევრ რჩევასაც მაძლევს.

ითვალისწინებ ამ რჩევებს?
– რა თქმა უნდა.
– ძალიან მკაცრი იმიჯი გაქვს…
– (იცინის) ასეა საჭირო, ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ასე ვყოფილიყავი და არა ლმობიერი ბიჭი.

– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– გამორჩეული არაფრით, ჩვეულებრივი.

– როგორც ცნობილია, დაოჯახებული ხარ და მალე მამაც გახდები, მაგრამ ამ ფაქტს მაქსიმალურად ასაიდუმლოებ…
– დიახ. არ მიყვარს პირადზე საუბარი. სხვების პირადიც არ მაინტერესებს და მაღიზიანებს, როდესაც ამის შესახებ ხმამაღლა და ყველასთვის საუბრობენ.

რამდენი ხანია, რაც დაოჯახებული ხარ?
– 2 წელზე ცოტა მეტია.

ცალკე ცხოვრობთ?
– დედ-მამასთან ერთად.

შენი მეუღლე როგორ უყურებს შენს პოპულარობას?
– ყოველთვის იცოდა, რომ შეიძლება ცნობადი გავმხდარიყავი და ამისთვის მზად იყო. არანაირი ეჭვიანობის სცენები არ გვაქვს. ეგ რომ ყოფილიყო ერთად არ ვიქნებოდით.

შენს იმიჯზე ვინ ზრუნავს?
– დიზაინერის და ჩემი. განსხვავებული ჩაცმულობის მომხრე ვარ, მითუმეტეს სცენაზე ბევრი რამ არის დასაშვები.

მეუღლე თუ აკრიტიკებს შენს წამყვანობას?
– იშვიათად.

თავად მოგწონს „იქს ფაქტორის“ ერეკლე?
– მთავარია პროდიუსერებს და ხელმძღვანელებს მოეწონოთ, მეუღლესაც ძალიან მოსწონს.

რა მუსიკას უსმენ და ჟიურის შეფასებებს თუ ეთანხმები ხოლმე?
– ცოტა პრეტენზიული მსმენელი ვარ, რადგან თავადაც ვქმნი მუსიკას. რაც შეეხება ჟიურის გადაწყვეტილებებს, ძირითადად ვეთანხმები.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდი?
– ყურადღება, ქუჩაში ცნობადობა, სხვა მემგონი არაფერი.

– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– სახლში, როდესაც საკუთარ მუსიკას ვასრულებ.

რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად?
– მერლინ მენსონთან ერთად გავივლიდი კუს ტბაზე (იცინის). ნებისმიერ საინტერესო ტიპაჟს შევხვდებოდი, ამოჩემებული ვინმე არ მყავს.

როგორი მზარეული ხარ?
– მარტივი რაღაცეები ვიცი. კიდევ ტორტის გაკეთება ვიცი სხვათაშორის.

როგორი მამა იქნება ერეკლე?
– აზრზე არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს.
– ფავორიტი თუ გყავს „იქს ფაქტორში“?
– მყავს და მყავდა კიდეც. ერთ-ერთი გავარდა სამწუხაროდ.
–  წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები