ავტოსამრეცხაოების ქსელი ”ერლე” საქართველოს მასშტაბით გაფართოებას იწყებს. კომპანია საკუთარ სერვისს მომხმარებელს უკვე რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისშიც შესთავაზებს.
როგორც ”ფორტუნას” ”ერლეს” დამფუძნებელმა გიორგი დევაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ქალაქებში ტერიტორიების აღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
”მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ავტოსამრეცხაოების მშენებლობას სამივე ქალაქში დავიწყებთ და ვეცდებით, რომ მათი გახსნა ახალ წლამდე მოესწროს. თითო ობიექტის ასაშენებლად კი 700 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება”, – განმარტა დევაძემ.
მისივე ინფორმაციით, ავტოსამრეცხაოები ავტომატიზირებულია და დიდ შრომით რესურსს არ საჭიროებს, ამიტომ თითო სამრეცხაოში 5 ადამიანი დასაქმდება.
ცნობისთვის, შპს ”ერლე” ფილიალებს დღეისათვის მხოლოდ თბილისში ფლობს და 3 ავტოსამრეცხაოთია წარმოდგენილი : გლდანში, ორთაჭალასა და ვაზისუბანში. ”ერლეს” ავტოსამრეცხაოთი სარგებლობის ღირებულება 2 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე ადის.