LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბანკს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს 

142
ეროვნული ბანკი

ეროვნულ ბანკს “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვს. კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. აგრეთვე, ეროვნულ ბანკს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და ცვლილებების დეტალური ანალიზისა და კონსულტაციების გამართვის საჭიროებას ხედავს.

შენიშვნები დღეს როგორც წერილობითი სახით, ასევე ზეპირსიტყვიერად ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, სადაც კანონპროექტი პირველი მოსმენით, სწორედ დაჩქარებული წესით განიხილეს.

არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანია, რომ მასში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელ წევრებზე მეტი იყოს.

მისი განცხადებით, ეს აღიარებული პრინციპია, რაც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ირღვევა და ეროვნული ბანკის საბჭო ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.

მესტვირიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისიამ ხაზი გაუსვა არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის კრიტიკულობას ბანკის საზედამხედველო ფუნქციის კუთხით. მისი თქმით, აღნიშნული მისიის რეკომენდაციების საფუძველზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციით “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში აუცილებელია ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოში მოქმედი არააღმასრულებელი წევრები მუდმივად და დროის ნებისმიერ მომენტში უმრავლესობაში იქნებიან. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები კი ამ შეთანხმების საპირისპიროა.

“ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია – პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი უნდა იყოს. ამჟამად, ეროვნულ ბანკში ვაკანტურია ერთი არააღმასრულებელი წევრის პოზიცია. შემოთავაზებული კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, ვინაიდან საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან – როგორც არააღმასრულებელი წევრის არსებული ვაკანტური პოზიციის შევსების შემთხვევაში, ისე არააღმასრულებელი წევრების კანონით დადგენილი რაოდენობის გაზრდისას, თუკი ვაკანსიები რეალურად არ შეივსება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

გარდა ამისა, მესტვირიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა ისიც, რომ ეროვნულ ბანკში მოვალეობის დაკისრებისა და უფლებამოსილების განაწილების საკითხები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით წესრიგდება, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კონკრეტული ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. მესტვირიშვილის ინფორმაციით, ბრძანება ასევე ითვალისწინებს სხვა ვიცე-პრეზიდენტებზე მოვალეობის დაკისრების შემთხვევებს და პრაქტიკაში ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი ამ მიმართულებით არასდროს შეფერხებულა.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონპროექტის მიზანი აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა, შესაძლებელია პირველ ვიცე-პრეზიდენტად ორგანული კანონით გათვალისწინებული სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი განისაზღვროს, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ ერთი აღმასრულებელი წევრის დამატება საჭირო არ იქნება“, – აღნიშნა მან.

კომიტეტის სხდომაზე ითქვა ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება. ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღება მასთან საქართველოს შეთანხმებას არ შეესაბამება და შესაბამისად, “დამატებით გასააზრებელია, რამდენად სწორია კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება“.

პარლამენტში დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემატება და განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცეპრეზიდენტი და სხვა წევრები შედიან. აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხსა და წესს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები