LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

156
11

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023 დასრულდა. რიგით მესამე აგროოლიმპიადის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში მამუკა მესხმა და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები ოლიმპიადის პარტნიორებმა და სპონსორებმა გადასცეს.

„ჩვენი მთავრობისთვის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება პრიორიტეტია, შესაბამისად, ჩვენი ფერმერებისთვის მხარდამჭერ პროგრამებს ყოველწლიურად ვაძლიერებთ. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აგრარული პროფესიებით დაინტერესება. აქედან გამომდინარე, აგრარული ოლიმპიადა არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების, მოსწავლეების, სპეციალისტებისა და ფერმერების  შესაძლებლობების გაზრდას და წახალისებას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. ორეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი, მოსწავლე) ექვსი საკონკურსო  მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა,  სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე) 39 გამარჯვებული  გამოვლინდა.

ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების, სპეციალობების და პროფესიების პოპულარიზაციას, დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

აგროოლიმპიადა აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების ერთადერთ პლატფორმას წარმოადგენს, რომელსაც საქართველოში და ზოგადად, რეგიონში, ანალოგი არ აქვს.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

magti 5g