LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბიბლიოთეკაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია გაიმართა

2182
ზურაბ ხონელიძე - „მშვიდობის ქართული პარადიგმა“

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ავტორმა საზოგადოებას დიპლომატიისა და განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, ახალი ხედვა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ წარუდგინა.

ღონისძიებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი, ასევე, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული ფორმა და დიპლომატიის ახალი სახეობა, ზურაბ ხონელიძის ნოუჰაუა. ავტორმა თვალი მიადევნა მრავალსაუკუნოვან ქართულ გამოცდილებას – მშვიდობის ძიების პროცესში განათლებისა და დიპლომატიის, როგორც სახელმწიფოებრიობის მდგრადი და უწყვეტი განვითარების ინსტრუმენტს.

ამ ისტორიულ გამოცდილებასა და წრფელ, შინაგანი მოთხოვნილებით წარმოქმნილ აზრს ეფუძნება ნაშრომში შემოთავაზებული ახალი მიმართულება – საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.

„საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ უნიკალურმა იდეამ და ხედვამ ძალზე მაღალი შეფასება და მხარდაჭერა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან: აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან. დაიგეგმა და მალე გაიმართება საერთაშორისო კონფერენციები, რომლის ძირითადი თემა სწორედ საუნივერსიტეტო დიპლომატია იქნება. მსოფლიოს რამდენიმე წამყვანმა უნივერსიტეტმა ბატონ ზურაბს ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სილაბუსის შედგენა სთხოვა. სსუ-ში უკვე ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“, რომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს დაეფუძნა.

თავად ზურაბ ხონელიძემ კი ჩვენთან საუბრისას, სამეცნიერო ნაშრომის იდეასა და მისი პრაქტიკაში დანერგვის გზებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ნაშრომში საუბარია იდეაზე, რომელიც სახელმწიფოს მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარების გზებს სთავაზობს.

ზურაბ ხონელიძე: პრეზენტაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ აქ ვსაუბრობთ იდეაზე, რომელიც ზოგადად საყოველთაო იდეაზე დაფუძნებულია. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და უნდა გავიგოთ მოცემულობა, რაში ვცხოვრობთ, საიდან მოდის პრობლემა და გავიაზროთ ის.

ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს მოვლენა, რომელიც მიზეზშედეგობრივი კავშირით არ აიხსნება. ყველაფერს ხომ თავისი სახელი უნდა დავარქვათ და გავიგოთ ჩვენი ავადობის ძირითადი მიზეზი. და, თუ მივედით იქამდე, რომ გავიგეთ რით ვართ ავად, მაშინ სწორ დიაგნოზამდეც უნდა მივიდეთ. ყველაზე კარგი თეორია არის პრაქტიკა, ეს არ არის მხოლოდ თეორია და აქ არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის კრიტიკა, ზოგადად, საუნივერსიტეტო მოდელის კრიტიკას ვგულისხმობ, საუბარი სწორედ იმაზეა, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ თეორიის წყაროდ იქცა, მან ვერ გადადგა ნაბიჯი ქმედებისკენ, ის არ არის ადეკვატური დროსთან მიმართებით და ის ამოცანა, რომელიც უნივერსიტეტის 5, 10 და 70 წლის წინ ჰქონდა, დღეს სხვა რამეს მოიცავს.

ნებისმიერი კონფლიქტის სათავე არის მშვიდობიანი გზა, რაც განათლებაზე გადის. განათლება არის საფუძველი ნებისმიერი ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისა. თუმცა, აქ საუბარია განათლების უმაღლეს მწვერვალზე და ეს არის მეცნიერება, ვინაიდან მეცნიერება ჭეშმარიტების დადგენასთან ყველაზე ახლოსაა.

შევქმნათ სრულფასოვან სახელმწიფო და ყოველგვარი მსხვერპლშეწირვის გარეშე, ვემსახუროთ სამშობლოს, ესაა ჩემი მიზანი და ესაა გზა ამ მიზნის რეალიზაციისა. მხოლოდ გზა კი არ არის – მეთოდი და ინოვაციაა, რომლის გაზიარებაც დღეს ქვეყნის შიგნითა და გარეთ მიდის. ესაა ქართული სახელმწიფოს შესაძლებლობა, რომელიც პრესტიჟს მე კი არ მიქმნის, არამედ სახელმწიფოს და ამიტომაც ჰქვია მას „მშვიდობის ქართული პარადიგმა.“

ზურაბ ხონელიძის სამეცნიერო ნაშრომზე შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკისაც ვთხოვეთ, რომელმაც გვითხრა, რომ მონოგრაფია წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრატეგიისთვის, მნიშვნელოვანია.

გია ვოლსკი: ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მეცნიერებმა და არა მხოლოდ ზურაბმა, არამედ სხვებმაც, საჭიროდ მიიჩნიეს, რომ ამ კონფლიქტების თემას, სახელმწიფო სტრატეგიის თემას – წარსულსა და მომავალს მეტი ყურადღება დაუთმონ. ეს პრაქტიკული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახელმწიფო სწორედ იმ ეტაპზეა, როცა შექმნილ ვითარებაში გადაუდებლად ამუშავებს გარკვეულ სტრატეგიას, ხდება გადახედვა და ა.შ. ეს წიგნი საკმაოდ კარგი სამეცნიერო ნაშრომია და ამასთანავე, წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რასაკვირველია მნიშვნელოვანია.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვრის შეფასებით კი, ეს არის მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელსაც დიდი გარდატეხის შეტანა შეუძლია იმ პროცესებში, როგორიცაა კონფლიქტების მოწესრიგება და ამ მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველიც კი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები