LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – ტექნიკურ უნივერსიტეტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

311
ზურაბ ხონელიძის წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკაში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ნაშრომში, ევროკავშირის ახალ სამოქმედო პლატფორმაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია თანამედროვე, უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების რეგულირების პროცესში.

ავტორმა თვალი მიადევნა მრავალსაუკუნოვან ქართულ გამოცდილებას – მშვიდობის ძიების პროცესში განათლებისა და დიპლომატიის, როგორც სახელმწიფოებრიობის მდგრადი და უწყვეტი განვითარების ინსტრუმენტს.

ამ ისტორიულ გამოცდილებასა და წრფელ, შინაგანი მოთხოვნილებით წარმოქმნილ აზრს ეფუძნება ნაშრომში შემოთავაზებული განათლების პოლიტიკის ახალი მიმართულება – საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.

ნაშრომის რეცენზენტები არიან ქართველი და უცხოელი, საერთაშორისო დონის ექსპერტები სამართლის, დიპლომატიისა და ისტორიის მიმართულებით, ელჩები და პროფესორები, რომლებიც წინამდებარე ნაშრომს მაღალ შეფასებას აძლევენ.

„მშვიდობის ქართული პარადიგმა“ არა მარტო თეორიული დატვირთვის, არამედ, პრაქტიკული ღირებულების მატარებელია, რომელიც, რეალურად აჩენს შესაძლებლობას პოლიტიკური წესების დაცვით, სიღრმისეული ცვლილება შევიტანოთ ჩვენ აზროვნებაში.

სხვა ერებთან და ქვეყნებთან მშვიდობიანი თანაარსებობით შევქმნათ ახალი „ნარატივი“, სასურველისკენ შევცვალოთ არსებული მოცემულობა და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს ბედი – მისი მომავალი.

როგორც „ფორტუნას“ წიგნის რეცენზენტმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ვარდოსანიძემ განუცხადა, ზურაბ ხონელიძეს უდიდესი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, ისტორიკოსის პროფესია კი მას დაეხმარა, შეექმნა უპრეცედენტო, ჩვენს სინამდვილეში ასეთი წიგნი – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. 

„ამ წიგნში ავტორი საზოგადოებას მოუთხრობს, როგორც შეიძლება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სივრცეში, როგორიც საქართველოა და რომელიც ფაქტობრივად მტრულად განწყობილი ქვეყნებითაა გარშემორტყმული, ისე გაატაროს ინტერესები, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს.

ამასთან, როგორ მოხერხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საამისოდ. კერძოდ კი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთაურობით. ეს არის ამ წიგნის მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი. თუ მკითხველი ამ წიგნს უფრო დაწვრილებით გადახედავს, კითხვებზე თუ როგორ დავაღწიოთ თავი ამ ურთულეს მდგომარეობას, პროფესიულ პასუხებს მიიღებს.“ – გვითხრა სერგო ვარდოსანიძემ.

ჩვენს კითხვაზე კი – რა როლი ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს ევროკავშირის ახალ სამოქმედო პლატფორმაზე დაყრდნობით შექმნილი წიგნის დებულებების შემუშავებაში, პროფესორმა ასე გვიპასუხა:

„როდესაც წიგნი იწერებოდა, ბატონ ზურაბს საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელობასთან, პროფესიულ დიპლომატებთან ინტენსიური კავშირი ჰქონდა, რომლებიც თითოეულ დებულებასთან დაკავშირებით, გარკვეულ რჩევებსა და აზრს გამოთქვამდნენ. ავტორმა კი ეს რჩევები ქართულ რეალობას მოარგო.

დღეს, ეს წიგნი, პასუხობს ევროკავშირისა და ყველა დასავლელი ქვეყნის ინტერესებს საქართველოსადმი. ყველა გვეუბნება, რომ ჩვენი პრობლემები მაქსიმალურად მშვიდობიანი გზით უნდა გადავჭრათ, სხვა შემთხვევაში კი ნახეთ, არამშვიდობიან გზას რაც მოჰყვა და რა მდგომარეობაშიცაა დღეს მთელი მსოფლიო,“ – განუცხადა „ფორტუნას“ წიგნის რეცენზენტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

წიგნის კიდევ ერთმა რეცენზენტმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბადრი ნაჭყებიამ  კი გვითხრა, რომ ნაშრომი მიმდინარე მოვლენების ფონზე, საკმაოდ სერიოზული და ამავდროულად, აქტუალურიცაა.

„ძალიან სერიოზული და როგორც თქვენც აღნიშნეთ, საკმაოდ აქტუალური ნაშრომია, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არამხოლოდ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში, არამედ ზოგადად, კონფლიქტების კონტექსტში და მათ შორის, ის, რაც ჩვენს სამშობლოშიც მიმდინარეობს.

ხაზს ვუსვამ მიმდინარეობას, რადგან ეს ფაქტობრივად დაკონსერვებული კონფლიქტებია, ადრე თუ გვიან ამ კონფლიქტების გახსნა მოგვიწევს და ბატონ ზურაბ ხონელიძის მცდელობაც ზუსტად ისაა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ზოგადად უკონფლიქტო ზონის შექმნაში და იმ გზების პოვნაში, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გადავწყვიტოთ.

სამეცნიერო საუნივერსიტეტო დიპლომატია მიზნად სწორედ ამას ისახავს. ეს საკმაოდ სერიოზული იარაღია, რაზედაც ავტორი ხაზს უსვამს. ჯერჯერობით, ჩვენ ის არ გვაქვს გამოყენებული, თუმცა საუნივერსიტეტო დიპლომატია იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი, გნებავთ საქართველოს კონტექსტში იმ კუთხით, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

სხვა თუ არაფერი, ამ პროცესმა შეიძლება მიგვიყვანოს მარტო იქამდე, რომ ნდობის დონე მხარეებს შორის საკმაოდ სერიოზულად ამაღლდეს, ამიტომ ჩვენი საზოგადოება ამ წიგნის გამოცემას მიესალმება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში მოქმედი ყველა სტრუქტურის მიერ, დიდი პრაქტიკული გამოყენება ექნება.“ – უთხრა „ფორტუნას“ წიგნის რეცენზენტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბადრი ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, პროფესორი ზურაბ ხონელიძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში, საქართველოს უზენაეს საბჭოში, საქართველოს პროფსაბჭოში – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს პროფკავშირების პირველ არჩეულ თავმჯდომარედ. იყო დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის პოლიტიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, დსთ-ში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, დსთ-სა და ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი. არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო დარგობრივი სამეცნიერო აკადემიების საპატიო წევრი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი.

წიგნის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ რეცენზენტები კი არიან:

  • დებორა ვინსლოუ ნუტერი – დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების გლობალური სამაგისტრო პროგრამის დამფუძნებელი დირექტორი, ტაფტის უნივერსიტეტი – ფლეტჩერის სამართლის სკოლა (აშშ).
  • ალან ჰენრიკსონი – ლი ე.დირკის დიპლომატიური ისტორიის საპატიო პროფესორი და დიპლომატიური კვლევების დამფუძნებელი დირექტორი ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლის სკოლა (აშშ).
  • მაიკლ ქაუგილი – საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი (აშშ – საქართველო).
  • გიორგი ხუბუა – სამართლის დოქტორი, ბერლინის Steinbeis University-ის რექტორი, პროფესორი (გერმანია-საქართველო).
  • სერგეი ბორისოვი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საექსპერტო ცენტრი „Mepa“-ს დირექტორი, სოციოლოგი (რუსეთი).
  • ჰალიკ ბარი – ქსენეთის ვიცე-სპიკერი (ისრაელი).
  • იბრაჰიმ თელლიოღლუა – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (თურქეთი).
  • საიდ მულიანი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (ირანი).
  • ნამიკ ალიევი -საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სამართლის დოქტორი, პროფესორი (აზერბაიჯანი).
  • სურენ არუთინიანი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (სომხეთი).
  • მიკოლა რიჟკოვი – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (უკრაინა).
  • გიორგი ანჩაბაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
  • ლია ახალაძე – ისტორიის დოქტორი, პროფესორი.
  • სერგო ვარდოსანიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
  • ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი.
  • როინ მეტრეველი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი.
  • გურამ ნიკოლაიშვილი – გენერალ-ლეიტენანტი.
  • ბადრი ნაჭყებია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
  • ჯაბა სამუშია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
  • გიორგი სოსიაშვილი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი.
  • ვალერი ჩეჩელაშვილი  – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
  • მერაბ ჩუხუა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიათმცოდნე, პროფესორი.
  • ნოდარ ჭითანავა – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი.
magti 5g