საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
რეგისტრაცია 9 საათზე დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია.
მიმინოშვილის ინფორმაციით, რამდენიმე აბიტურიენტს საგამოცდო ნაკადი აერია, მაგრამ რადგან დღეს პირველი საგამოცდო დღეა, მათ პრობლემა არ შეექმნებათ და მეორე ნაკადის გამოცდაზე შევლენ.
მეორე ნაკადის აბიტურიენტებისთვის რეგისტრაცია 2 საათზე დაიწყება და 3 საათამდე გაგრძელდება.
„ფორტუნას“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ რამდენიმე აბიტურიენტი გამოცდიდან უკვე გამოვიდა, ისინი ამბობენ, რომ გამოცდა რთული არ იყო და კარგი შედეგის მოლოდინი აქვთ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას, საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.